მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მეშვიდე შეხვედრაში.
სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ ბოლოდროინდელ მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. მან შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ხელისუფლების ამბიციური გეგმა გააცნო, რომელიც 2024 წელს ევროკავშირის წევრობის თაობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გულისხმობს და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს გაუსვა ხაზი.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობასა და მომავალზე, დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პრიორიტეტებსა და საქართველოს მოლოდინებზე. მან ასევე ხაზი გაუსვა „ასოცირებული ტრიოს“ საერთო ევროპულ მისწრაფებებს და ამ კუთხით აღნიშნა მოლდოვასა და უკრაინასთან გაფორმებული ერთობლივი მემორანდუმის მნიშვნელობა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის ხელმოწერილი დოკუმენტის – „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ მნიშვნელობაზე და მისი შესრულების საკითხზე. მან აღნიშნა, რომ დოკუმენტის სათანადოდ შესრულებას მნიშვნელოვნად აფერხებს ის ფაქტი, რომ პარლამენტში წარმოდგენილი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ამ დრომდე არ აწერს ხელს შეთანხმებას და თავს არიდებს მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში მონაწილეობას.
შეხვედრა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უწყებებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 412-ე მუხლი ითვალისწინებს ევროკავშირი-საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს შეუწყობს აზრთა გაცვლა-გამოცვლას და შედგება როგორც საქართველოს, ისე, ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან.