ჩეხეთის პრეზიდენტი: გეების, ლესბოსელების შემიძლია, გავიგო, მაგრამ ტრანსგენდერები ამაზრზენები არიან

ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა სექსუალური და გენდერული უმცირესობების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა.

CNN Prima პრეზიდენტის სიტყვებს ციტირებს: “მე შეიძლება, გავიგო გეების, ლესბოსელების და ა.შ. მაგრამ იცით, ვისი არ მესმის საერთოდ? ტრანსგენდერების”, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ისინი “ამაზრზენები არიან”. მისი თქმით, სქესის შეცვლის ოპერაცია არის დანაშაული და თვითდასახიჩრება.

მისივე შეფასებით, ორიენტაცია ყველას პირადი საქმეა.

როგორც მან თქვა, ლგბტ თემის წარმომადგენლებმა უმცირესობების წარმომადგენლობის განზრახ დემონსტრირებისას თავი სხვაზე მაღლა დააყენეს.

ჩეხეთის პრეზიდენტმა კომენტარი უნგრეთში ლგნტ თემთან დაკავშირებით ახალი კანონის ირგვლივ მიმდინარე ვნებათაღელვის ფონზე გააკეთა. უნგრეთში ლგბტ საკითხების პროპაგანდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში აიკრძალა.

ზემანმა უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის პოზიციას მხარი დაუჭირა და დასძინა, რომ თვითონ აღიზიანებს სუფრაჟისტები, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მოძრაობა და რეგულარული გეი პრაიდები.

”ოდნავ ახალგაზრდა რომ ვიყო, პრაღაში ჰეტეროსექსუალთა უზარმაზარ დემონსტრაციას მოვაწყობდი. მილიონობით ადამიანი გამოვიდოდა”, – დაასკვნა პოლიტიკოსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები