ირანი აშშ-ს რეგიონის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს
“ერაყისა და სირიის საზღვარზე პროირანული შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღდეგ აშშ-ს საჰაერო დარტყმამ რეგიონში ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვია”, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საიდ ხატიბზადემ.
მისი თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ატარებს იმავე პოლიტიკას, რაც დონალდ ტრამპს ჰქონდა არა მხოლოდ ირანის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, არამედ – რეგიონში სხვა პრობლემების გადაჭრის კუთხითაც.
”აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ თავი უნდა შეიკავოს მცდარი ნაბიჯებისაგან, რომლებიც კრიზისულ ვითარებას შეუწყობს ხელს და რეგიონში მცხოვრებლებს დაძაბულობასა და პრობლემებს შეუქმნის, ასევე, საკუთარი კურსი უნდა შეცვალოს. რეგიონის მოსახლეობამ საკუთარი ბედი გარე ჩარევის გარეშე უნდა გადაწყვიტოს. აშშ-ის ქმედებები რეგიონში ერთმნიშვნელოვნად დესტაბილიზაციის მიზეზი ხდება. შეერთებული შტატები თავად გახდება რეგიონში არასტაბილურობის ერთ-ერთი მსხვერპლი”, – თქვა ხატიბზადემ.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ბირთვულ შეთანხმებაზე ვენაში მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა, რომ თეირანმა მიიღო საჭირო გადაწყვეტილებები და ახლა მოწინააღმდეგე მხარის ჯერია.
ამას გარდა, ხატიბზადე ავღანეთის პრობლემასაც შეეხო.
მისი თქმით, ირანის წარმომადგენლებმა ავღანეთში განვითარებულ მოვლენებზე შეხვედრა გამართეს ყველა მხარესთან.
”თალიბანი” არ არის მთელი ავღანეთი, არამედ – კრიზისის მოგვარების ერთ-ერთი კომპონენტი. ამ ქვეყანაში მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს მშვიდობიანი გზით, რომელშიც ფართოდ იქნება წარმოდგენილი ყველა ჯგუფი”, – თქვა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
Reuters-ის ინფორმაციით, გვიან ღამით პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ ავიადარტყმების შესახებ ერაყსა და სირიის საზღვარზე პროირანული დაჯგუფებების წინააღმდეგ.
აღინიშნება, რომ იერიშები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით განხორციელდა.
საჰაერო იერიშების მიზეზია ერაყში განლაგებული, აშშ-ის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ გახშირებული თავდასხმები, რომლებიც დრონების გამოყენებით ხორციელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო დარტყმების შედეგად, განადგურებულია დაჯგუფება “კატაიბ ჰეზბოლასა” და “კატაიბ სეიედ ალ-შუჰადას” იარაღის საწყობები.