ინდოეთში ბავშვები კორონავირუსის დამარცხების შემდეგ საშიშ დაავადებას ებრძვიან

ინდოეთში ბავშვებში, რომლებმაც კორონავირუსი დაამარცხეს, სულ უფრო ხშირად ვრცელდება მულტისისტემური ანთებითი სინდრომი.

ამის შესახებ The Times of India წერს.

როგორც გაზეთთან საუბარში ჩანდიგარის სამედიცინო განათლების ინსტიტუტის პედიატრიული გადაუდებელი და ინტენსიური თერაპიის განყოფილების უფროსი, პროფესორი ჯაიაშრი ამბობს, სინდრომი უკვე ერთი წლისაა და სულ უფრო მეტ შემთხვევას აწყდებიან.

მედიის ცნობით, სინდრომის შემთხვევები დაფიქსირებულია მაჰარაშტრას, ჰარიანას, პენჯაბისა და სხვა შტატებში. ამასთან, დაავადებულთა ზუსტი რიცხვი დადგენილი არ არის, თუმცა, საუბარია ასობით მაგალითზე (მხოლოდ ჩანდიგარშია 42-დან 252 შემთხვევამდე).

ექიმები შეშფოთებით აღნიშნავენ, რომ არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა ამ დაავადების შესახებ და არც მისი დამარცხების რეკომენდაციები.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ, ზოგადად, ბავშვებს უფრო ადვილად გადააქვთ კორონავირუსული ინფექცია, მაგრამ შემდეგ მათ შეიძლება, განუვითარდეთ ასეთი სინდრომი.

დაავადება, ჩვეულებრივ, გამოჯანმრთელებიდან ოთხიდან ექვს კვირაში ვითარდება. მას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ცხელება, გამონაყარი, კონიუნქტივიტი, დიარეა, პირღებინება და დაბალი წნევა. აღინიშნება, რომ მულტისისტემურ ანთებით სინდრომს შეუძლია სავალალო შედეგის გამოწვევაც. პრობლემა რთულდება იმითაც, რომ ექიმები ხშირად მას სხვა დაავადებებთან აიგივებენ.

პულმონოლოგიის პროფესორის, მინუ სინგის თქმით, სინდრომის სიხშირის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ის ფაქტია, რომ, კორონავირუსული შეზღუდვების გამო, ბავშვები ნაკლებად მოძრაობენ, ნაკლებად გადიან ჰაერზე, არ დადიან სკოლებში. ასევე, დაკვირვების მიხედვით, სინდრომის გამოვლენა კიდევ უფრო ხშირია ჭარბი წონის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები