სამხრეთ აფრიკაში, “დელტა” შტამის გავრცელების გამო, მკაცრი შეზღუდვები დააწესეს

სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება ​ კორონავირუსის მესამე ტალღისა და COVID-19-ის “დელტას” ვარიანტის გავრცელების გამო საკარანტინო შეზღუდვებს ამკაცრებს.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოსამ განაცხადა.

ხალხისადმი მიმართვისას დროს რამაფოსამ თქვა, რომ ხუთიდან საფრთხის მეოთხე დონეზე გადადის, რომელიც 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ახალი შეზღუდვები ძალაში დღეიდან შედის.

მისი ინფორმაციით, კორონავირუსის “დელტა” ვარიანტი ქვეყნის ხუთ პროვინციაშია დაფიქსირებული.

“შეშფოთებულები ვართ ამ ვარიანტის სწრაფი გავრცელებით. სიტუაცია გაუარესდა. აფრიკის ბევრ ქვეყანასთან ერთად, სამხრეთ აფრიკაში ინფიცირების ახალი ტალღაა”, – თქვა მან.

დღეიდან, დაიხურება სკოლები, ადამიანები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ; ამასთანავე, მაღაზიები, ქარხნები, მაღაროები, ფერმები მუშაობას გააგრძელებენ.

კაფეებსა და რესტორნებში საკვების შეკვეთა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გატანის ან მიწოდების სერვისის გამოყენებით, ორი კვირის განმავლობაში აკრძალულია ალკოჰოლის გაყიდვა.

იმოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი საღამოს 21:00-დან – 04:00 საათამდე.

დაუშვებელია ყველა სახის შეკრება, რელიგიური, პოლიტიკური ან სოციალური მიმართულების. დასაშვებია მხოლოდ ოჯახის წევრებთან შეხვედრა, დაკრძალვაზე კი, მხოლოდ 50 ადამიანის დასწრებაა შესაძლებელი.

ასევე, ხელისუფლებამ ვაქცინაციის გაფართოება გადაწყვიტა. ამიერიდან, აცრის გაკეთება შეეძლებათ 50 წელს გადაცილებულ მაცხოვრებლებს.

სამხრეთ აფრიკაში ამჟამად, დაახლოებით, 2,7 მილიონი ადამიანია აცრილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები