ლევან ვასაძე: გასული 2 თვის განმავლობაში ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა, მიმდინარეობს კომპლექსური კვლევა, ჯერ საბოლოო პასუხი არ არის
“ერთობა, რაობა, იმედის” ლიდერი, ლევან ვასაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
“მოგმართავთ სტამბოლიდან, სადაც ახლა ვიმყოფები სამედიცინო გამოკვლევაზე, არ ვიცი როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ პრესაში. მინდა ყველას შენდობა ვთხოვო, მოგეხსენებათ ადამიანის ჯანმრთელობა ძალზედ პირადი, ინტიმური საკითხია. უღრმესი მადლობა ყველას ასეთი მხარდაჭერისათვის. ვალდებული ვარ, რომ გავცე პასუხი იმ შეკითხვებს, რომლებსაც უამრავი ადამიანი მისვამს. გასული 2 თვის განმავლობაში გამიუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა რაც გამოიხატა სხვადასხვა ორგანოების უკმარისობაში, ენერგიის ვარდნაში, კიდურების შეშუპებაში და ა.შ. ექიმებთან ვიარე თბილისშიც, მოსკოვშიც და ახლა სტამბულში, რომ აქაც დავეკითხო აზრს. მიმდინარეობს კომპლექსური კვლევა, ჯერ საბოლოო პასუხი არ არის. მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ნებისმიერ დაავადებას იმედია, რომ მოვერევით და ნუ ინერვიულებთ”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.
ცნობისთვის, ლევან ვასაძე სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად თურქეთში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა.