იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: იაპონური კომპანიების ინტერესი საქართველოში იზრდება და ასევე ზრდადია მათი ინვესტიციები საქართველოში
23 ივნისს იაპონიის მთავრობამ ოფიციალურად შეატყობინა საქართველოს მთავრობას, რომ დასრულდა „იაპონიასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ” შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდა პროცედურები.
შეთანხმებას ხელი მოეწერა 2021 წლის 29 იანვარს და ის 2021 წლის 23 ივლისს ამოქმედდება. შეთანხმებაში განსაზღვრულია იაპონიასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის ყოვლისმომცველი და დეტალური წესები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობებისა და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.
მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ რელიზში გაკეთებული შეფასება შეთანხმების შესახებ. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რელიზის თანახმად, საქართველო აზიისა და ევროპის ერთგვარი დამაკავშირებელია.
„ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა აქტიურად მუშაობს, რათა გახდეს ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში. ასევე მიმდინარეობდა საქმიანობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. საერთაშორისო საზოგადოება დადებითად აფასებს იმ ხელსაყრელ ბიზნეს კლიმატს, რაც ქვეყანაშია შექმნილი. შესაბამისად, იაპონური კომპანიების ინტერესი საქართველოში იზრდება და ასევე ზრდადია მათი ინვესტიციები საქართველოში.
წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა და ორმხრივი ინვესტიციების შემდგომ განვითარებას,” – ნათქვამია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ რელიზში.
„ჩვენ ღია ვართ იაპონური კაპიტალისთვის. საქართველო, ხელსაყრელი გეოგრაფიული განლაგებით, ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობითა და მსოფლიოს მსხვილ ბაზრებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, მიმზიდველია იაპონური ინვესტიციებისთვის. შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს საქართველოსა და იაპონიას შორის საქმიანი წრეების დაახლოების, ერთობლივი ბიზნეს პროექტების განხორციელებისა და საქართველოს ბაზარზე იაპონური კაპიტალის შემოსვლის პროცესს,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო და გაიმართა მოლაპარაკების ექვსი რაუნდი.