შალვა პაპუაშვილი: აქამდე “ნაცმოძრაობას“ მოვუწოდებდი, შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა, დღეს მოგიწოდებთ, არ მოაწეროთ ხელი, რადგან აჩვენებთ საზოგადოებას, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია
“აქამდე “ნაცმოძრაობას“ მოვუწოდებდი, შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა, დღეს მოგიწოდებთ, არ მოაწეროთ ხელი, რადგან აჩვენებთ საზოგადოებას, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ,,ნაცმოძრაობა” პოლარიზაციის მხარესაა, ხოლო ,,ქართული ოცნება” და დანარჩენი ოპიზიცია გაერთიანებისა და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მხარესაა.
,,აქამდე “ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის მოვუწოდებდი, 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა და შეთანხმების ნაწილი გამხდარიყო – დღეს მოგიწოდებთ, არ მოაწეროთ ხელი შეთანხმებას, არ აშალოთ კარვები პარლამენტის წინ – დარჩით ზუსტად ისეთები, როგორებიც ხართ, რადგან თქვენ აჩვენებთ საზოგადოებას, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია.
“ნაციონალური მოძრაობა“ ხართ პოლარიზაციის, გაყოფის, შუღლის, ღვარძლის მხარეს. ჩვენ, “ქართული ოცნება“ და დანარჩენი ოპოზიცია ვართ დეპოლარიზაციის, გაერთიანების და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მხარეს. სწორედ ეს დაფიქსირდება დღეს ტაბლოზე ის, რაც აქამდე პოლიტიკურად იყო დაფიქსირებული. დღეს თქვენ დარჩებით მარტო და ეს არის კარგი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.