კულება – ევროკავშირის სამიტზე რუსეთის მიწვევაზე: სანქციების გზიდან საშიში გადახრაა

“ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამიტების აღდგენის ინიციატივები სანქციების პოლიტიკისგან საშიშ გადახრას წარმოადგენს”, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ.

”ჩვენი აზრით, ევროკავშირსა და რუსეთს შორის მაღალი დონის დიალოგის შეჩერება ევროპული სანქციების პოლიტიკის ნაწილია. რუსეთთან სამიტების აღდგენის ინიციატივა, რუსული მხრიდან ყოველგვარი პროგრესის გარეშე, ევროკავშირის სანქციების პოლიტიკის საშიში გადახრა იქნება”, – თქვა დიპლომატმა.

მისი თქმით, ამგვარი ნაბიჯი შეიძლება, მხოლოდ არღვევდეს ევროპულ პოლიტიკას და ძირს უთხრიდეს სანქციების ეფექტურობას.

“და რაც უფრო სახიფათოა, ეს ხელს შეუშლის რუსეთს მინსკის შეთანხმებების შესრულებაში. ევროკავშირი-რუსეთის სამიტების გაყინვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე. სამწუხაროდ, რუსეთი არ გამოთქვამს უკრაინის ან ევროკავშირის მიმართ პოლიტიკის შეცვლის სურვილს. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ სამიტების განახლებისთვის საფუძველი არ არსებობს”, – აღნიშნა კულებამ.

საკითხის კომენტირებისას ლიეტუვის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ რუსეთთან შეხვედრების განახლება იმ დროს, როდესაც მოსკოვი ყველაზე ახლოს არის საბჭოთა კავშირის ტოტალიტარიზმთან – უპასუხისმგებლობაა.

Financial Times-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს, ანგელა მერკელსა და ემანუელ მაკრონს სურთ, ევროკავშირმა განიხილოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სამიტზე მოწვევის შესაძლებლობა.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები