შალვა პაპუაშვილი: არასერიოზულია ოპოზიციის განცხადება იმის თაობაზე, რომ კრიზისი გამოიწვიონ და პარლამენტიდან გავიდნენ, ქვეყანა ამით ჩიხში შეიყვანონ

‘მოსამართლეობის კანდიდატები წარმოდგენილი იქნებიან პარლამენტში და ყველას ექნება შესაძლებლობა, მათ კითხვები დაუსვან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადება პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით არასერიოზულია.

„არასერიოზულია ოპოზიციის განცხადება იმის თაობაზე, რომ კრიზისი გამოიწვიონ და პარლამენტიდან გავიდნენ, ქვეყანა ამით ჩიხში შეიყვანონ. თვეების განმავლობაში, როცა ოპოზიცია უარს ამბობდა საკუთარი მანდატის განხორციელებაზე, დადასტურდა, რომ იყო ფუჭი, ტყუილად დაკარგული დრო მათთვის და ქვეყნისთვის. პარლამენტში მათი ყოფნა ადასტურებს, რომ პარტიების საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა მნიშვნელოვანია. პარლამენტში მათი ყოფნა არ არის ანგარიშის გაწევა „ქართული ოცნებისთვის“, ეს არის საკუთარი ამომრჩევლის მანდატების განხორციელება.

ქართული ოცნება“ სიტყვა-სიტყვით მიჰყვება 19 აპრილის შეთანხმებას. მოსამართლეობის კანდიდატები წარმოდგენილი იქნებიან პარლამენტში და ყველას ექნება შესაძლებლობა, მათ კითხვები დაუსვან. უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცესი წარიმართება და შეგვეძლება, გადავწყვიტოთ, კანდიდატებს მხარს ვუჭერთ თუ არა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ფორსირებას თუ დაიწყებს, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტიდან გავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები