ვაქცინირებული ტურისტები ეგვიპტეში PCR​ ტესტის გარეშე შეძლებენ ჩასვლას

სრულად ვაქცინირებული ტურისტები ეგვიპტეში ჩასვლას PCR ტესტების გარეშე შეძლებენ – იმ პირობით, თუ საზღვარზე ვაქცინაციის სერთიფიკატს წარადგენენ.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანმრთელობის სამინისტროში განაცხადეს.

ამასთანავე, ქვეყანაში ჩასვლა შესაძლებელია ჯანმო-ს მიერ გამოყენებისთვის რეკომენდებული ვაქცინებით აცრის შემთხვევაში: Pfizer, AstraZeneca, Moderna, Sinopharm, Sinovac და “სპუტნიკი”, მეორე დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ ან Johnson & Johnson-ის ერთკომპონენტიანი ვაქცინის მიღებიდან 14 დღის შემდეგ.

”სერთიფიკატები უნდა შეიცავდეს QR კოდსა და ოფიციალური ორგანოს ბეჭედს, დაუშვებელია შესწორებები, გასწორებები ან დამატებები”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს კომუნიკეში.

ამავე დროს, ხაზგასმულია, რომ ეს პირობა ეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც არ განიცდიან კორონავირუსის მუტაციურ შტამებს.

თუ მგზავრი ჩადის რომელიმე ქვეყნიდან, სადაც ვირუსის მუტაციაა დაფიქსირებული, მაგალითად, ინდოეთი, ბანგლადეში, პაკისტანი, ბუტანი, მიანმარი, ნეპალი, ვიეტნამი, შრი-ლანკა, ბრაზილია და ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა, ვაქცინაციის სერთიფიკატის არსებობის შემთხვევაშიც მგზავრი ვალდებულია, აეროპორტში ჩაიტაროს მოლეკულური სწრაფი ტესტი.

თუ პასუხი დადებითი აღმოჩნდა, უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა გაიაროს კიდევ ერთი PCR ტესტი. თუ ეს ტესტი აღმოჩნდება დადებითი, მაშინ ძალაში შედის პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც დაინფიცირებულ ადამიანს საავადმყოფოში ათავსებენ.

ეგვიპტეში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. თუ მაისსა და ივნისის დასაწყისში ყოველდღიურად ფიქსირდებოდა ათასზე მეტი ახალი შემთხვევა, დღეისათვის ინფიცირებულთა საშუალო დღიური ზრდა 500 ადამიანს შეადგენს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში 278 ათასზე მეტი ინფიცირებულია გამოვლენილი, 206 ათასზე მეტი პირი სრულად გამოჯანმრთელდა, 15,9 ათასი ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები