ლევან იოსელიანი: მაქვს დიდი იმედი, რომ საქართველო და უკრაინა შეძლებენ რუსულ აგრესიასთან გამკლავებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი – ლევან იოსელიანი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის, უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალსა და უკრაინის რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების ფართო კონსენსუსის შესახებ ისაუბრა.
დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე, განვლილ პოლიტიკურ კრიზისზე, მიმდინარე საარჩევნო რეფორმასა და ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე პარლამენტში, ასევე, შარლ მიშელის შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე.
„კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქართველი ხალხის განსაკუთრებული სიყვარული უკრაინელი ხალხის მიმართ. მაქვს დიდი იმედი, რომ საქართველო და უკრაინა შეძლებენ რუსულ აგრესიასთან გამკლავებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.