ბექა ოდიშარია ნინო ლომჯარიას: ვიცნობ რა თქვენს კონსტრუქციულ ბუნებას, ვარ გაოცებული, რატომ გამოდიხართ დღეს ასეთი ოპორტუნისტული დღის წესრიგით

„მე ვიცნობ რა თქვენს კონსტრუქციულ ბუნებას, ვარ გაოცებული, რატომ გამოდიხართ დღეს ასეთი მკვეთრად გამოხატული, ჩემთვის წარმოუდგენელი ოპორტუნისტული დღის წესრიგით. თქვენ ხართ ადამიანი და თქვენ ხართ ინსტიტუცია, რომელიც გვეიმედებით და გვინდა, რომ ეს ინსტიტუცია მოქმედებდეს, ოღონდ არა ერთი პოლიტიკური ჯგუფის ნარატივში, რაც დღეს იკვეთებოდა, ჩემდა სამწუხაროდ. ვფიქრობ მომავალშიც ვითანამშრომლებთ და თქვენი მოხსენებების საგანი გახდება ყველა ადამიანის უფლება”, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ ომბუდსმენს პლენარულ სხდომაზე.

ბექა ოდიშარიას თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული უნდა იყოს უფლებების დარღვევის ფაქტი ყველა ადამიანის შესახებ, რაც მისივე თქმით დღევანდელ ანგარიშში არ იკვეთებოდა.

„ნუთუ წინსვლა არ გვქონდა არაფერი, ნუთუ რაღაც ვალდებულებები არ გვაქვს ვუთხრათ ადამიანებს რომ სადღაც შევცდით, სადღაც რაღაც გამოვასწორეთ. თქვენ ხომ ამ ყველაფრის ნაწილი ბრძანდებით, ჩვენ და თქვენ ხომ ერთად ბევრი რამ მოვახერხეთ, რეალური სიძნელეებიც გავიარეთ, რაღაცები გადავლახეთ, რაღაცებს ვერ მოვერიეთ. ჩვენ თქვენგან ველოდებით არა მხოლოდ ანგარიშგებას.

თქვენ რასაც შეძლებთ გააკეთოთ ჩვენი ხალხისთვის, ეს არის ფასდაუდებელი და ამაში ჩვენ მხოლოდ თქვენი ასისტენტები ვიქნებით. ოღონდ გულწრფელი და არა ისეთი, როგორიც ახლა გყავთ, აქ რომ გამოდიან გაქებენ და ამით დათვურ სამსახურს გიწევენ. თუ ჩვენ აქ ახლა ისე დავხატავთ სურათს, რომ თითქოს ქვეყანა ამ ბოლო 9 წლის განმავლობაში დაგვექცა თავზე და მანამდე ყველაფერი კარგად იყო, თქვენ თვითონვე შეუწყობთ ამას ხელს”,-განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები