ტარიელ ნაკაიძე: მნიშვნელოვანია, რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა უმცირესობების მიმართ ხელისუფლებამ პოლიტიკა ჩამოაყალიბოს და შექმნას შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანებმა მეორეხარისხოვან მოქალაქეებად არ იგრძნონ თავი
„სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით და ამავე დროს, რეკომენდაციებითაც, რომელზეც სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები განსაკუთრებით უნდა კონცენტრირდენ”,- ასე აფასებს ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი, ტარიელ ნაკაიძე სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშს.
პლენარულ სხდომაზე, სადაც ომბუდსმენს მოუსმინეს, ტარიელ ნაკაიძემ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უმცირესობებს ექმნებათ.
მისი თქმით, დისკრიმინაციული განცხადებები გაკეთდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, მათ შორის, პანკისის, დმანისისა და ბუკნარის მოვლენებთან დაკავშირებით. დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვანია, „უმცირესობების კულტურული ნარატივი” ნახსენები იყოს საქართველოს საკანონმდებლო სივრცეშიც.
„ქართველმა აზერბაიჯანელებმა მოგვმართეს უკვე, ნოვრუზ ბაირამის უქმე დღედ გამოცხადების შესახებ და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, თუ ამას დავუჭერთ მხარს”,- განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
პარლამენტის წევრმა ისაუბრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შესახებაც.
„დღეს ეს ორგანიზაცია არა ურთიერთობების მარეგულირებელია სახელწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის, არამედ, ის არის კონტროლის მექანიზმი და განსაკუთრებით, რელიგიურ საქმიანობაში ჩარევის კუთხით, რაც ცუდია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის”,- განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
სიტყვით გამოსვლისას, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრმა ყურადღება გაამახვილა ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზეც.
„ბათუმის ახალი მეჩეთი გახდა ქართული დემოკრატიის ერთგვარი საზომი. მიუხედავად დაპირებისა, არ იქნა გადაცემული მიწის ნაკვეთი, ადგილობრივმა მუსლიმებმა შეიძინეს მიწის ნაკვეთი და გადაწყვიტეს, რომ მიეღოთ მშენებლობის ნებართვა. სამწუხაროდ, ბათუმის მერიამ, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ეს არ დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ორი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა დისკრიმინაცია და გაამართლა მუსლიმები, დღეს ისინი მაინც ვერ ახერხებენ, რომ ილოცონ და ღია ცის ქვეშ უხდებათ ლოცვა”,- განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.