იტალიაში შემდეგი კვირიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება

იტალიაში 28 ივნისიდან ღია სივრცეებში, ე.წ. თეთრ ზონებში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნება.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ განაცხადა.

თუმცა, მინისტრის თქმით, სამეცნიერო და ტექნიკური კომიტეტის მიერ დადგენილი სიფრთხილის ზომების შესრულების მოთხოვნა შენარჩუნდება.

ამჟამად, იტალიის ყველა რეგიონი, ვალე დ’აოსტას გარდა, ნაკლებად შეზღუდულ რეჟიმში იმყოფება. მოსალოდნელია, რომ ეს პატარა რეგიონიც, უკვე მომდევნო კვირიდან გადავა ე.წ.თეთრ ზონაში.

ამასთანავე, იტალიელებს კვლავ მოუწევთ ნიღბების ტარება შენობასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როდესაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია.

იტალიაში, სადაც 60 მილიონი მცხოვრებია, ბოლო ერთ დღეში კოვიდ19-ით ინფიცირების 495 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ასევე, ვირუსს 21 პაციენტი ემსხვერპლა.

იტალია ევროკავშირის ვაქცინაციის სერთიფიკატების სქემას შეუერთდა, რაც ქვეყნის მაცხოვრებლებს გაუადვილებს ნორმალურ ცხოვრებას როგორც სახლში, ისე – მოგზაურობის დროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები