გივი მიქანაძე: თამარ ჟვანიასგან აბსოლუტურად ამომწურავი, დამაჯერებელი და კონკრეტული არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებული პასუხები მივიღეთ

უმრავლესობის წევრის, არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან კომისიამ “აბსოლუტურად ამომწურავი, დამაჯერებელი და კონკრეტული არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებული პასუხები მიიღო”.

მიქანაძის თქმით, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც საგამოძიებო კომისიის ფარგლებში არსებობს, “კვალიც არ იკვეთება იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა”.

„დროებით საგამოძიებო კომისიას არ დაუტოვებია არც ერთი კითხვა, რომელზეც 7 თვის განმავლობაში ოპონენტები სხვადასხვა მიმართულებით ცდილობდნენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ ვითომდა ეს არჩევნები გაყალბდა და შედეგები რეალობას არ ასახავდა. ჩვენ სამი საათის განმავლობაში უწყვეტი საუბარი გვქონდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და აბსოლუტურად ამომწურავი, დამაჯერებელი და რაც მთავარია კონკრეტული არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებული პასუხები მივიღეთ, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობით მაქსიმალური გაკეთდა, რომ 2020 წლის არჩევნები თავისუფალ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებულიყო. სწორედ ასეთი შეფასებები მივიღეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, შეხვედრის ფორმატში მნიშვნელოვანი და ღირებული ინფორმაცია შეგროვდა, რომლებიც პარლამენტის დადგენილების პროექტში აისახება. პარლამენტის დროებითი კომისია კონკრეტული უწყებების მიმართ გარკვეულ რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

„დღევანდელი შეხვედრის საფუძველზე ჩვენ ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ. პირადად მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, დავრწმუნდი, რომ საარჩევნო პროცესები კანონის შესაბამისად აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. თუ კი რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდა და არსებობს დღესაც, ეს მხოლოდ უკავშირდება კონკრეტულ შეცდომებს, კომისიის რიგი წევრების უპასუხისმგებლო და გულგრილ დამოკიდებულებას და რიგ შემთხვევებში კომპეტენციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რაზეც კომისიის წევრები და ცესკო-ს თავმჯდომარეც ვფიქრობთ, რომ აუცილებელია გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა ეს ხარვეზები შემდგომი არჩევნებისთვის აღმოიფხვრას”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები