პუტინის დახმარებით,  ჩინური ტექნოლოგიური გიგანტები რუსულ ბაზარს იპყრობენ

დავოსის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტექნოლოგიური გიგანტების მზარდ როლზე ნეგატიურად ისაუბრა, თუმცა, რეალურად, რუსეთის ბაზარზე ჩინური კომპანიების გააქტიურებას ის მხოლოდ სიტყვიერად უპირისპირდება. სინამდვილეში, პუტინის პოლიტიკა ჩინეთს ყველა მიმართულებით მწვანე შუქს უნთებს, რაც რუსულ საზოგადოებას ძალიან აშფოთებს.

ყველამ იცის, რომ პუტინი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას  არ ერიდება, თუმცა საგარეო ფრონტზე მისი, როგორც ქვეყნის ლიდერის არაკომპეტენტურობა ხშირად ავიწყდებათ. 2014 წელს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს დასავლეთთან ურთიერთობა გაუფუჭდა და, შედეგად, ჩინურ-რუსული ურთიერთობები მრავალი მიმართულებით საკმაოდ ჰარმონიულად განვითარდა. ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების რუსულ ბაზარზე შესვლა და შემდეგ მისი დაპყრობის მცდელობა პუტინის, როგორც ჭკვიანი მმართველის შესახებ კრემლის პროპაგანდის გავრცელებულ მითებს ამსხვრევს. ჩინეთი ინტელექტუალური საკუთრების მითვისებაში ექსპერტია, „ჭკვიანი“ პუტინი კი პეკინს, ფაქტობრივად,  ტექნოლოგიური გიგანტების საშუალებით თავდაცვის საიდუმლოებების მოპარვის უფლებას აძლევს.

სანამ რუსეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ახლო ურთიერთობით დასავლეთს აღიზიანებს, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტები რუსეთის ბაზარს იპყრობენ და ქვეყანას ციფრულ   „პაქს სინიკაში“ ითრევენ. მოსკოვი პეკინის მიერ მართული რეგიონული წესრიგის სატესტო ბაზა ხდება. ამ ორ ქვეყანას შორის შესაძლებლობების ასიმეტრია გვკარნახობს, რომ ეს ყველაფერი რუსეთისთვის კარგად ვერ დასრულდება.

ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე რუსეთის ანალოგიურ მონაცემს თითქმის უტოლდება, მაშინ როდესაც ჩინეთის მოსახლეობის რიცხვი რვაჯერ აღემატება რუსეთისას. რუსეთი ბევრად პატარა ქვეყანაა და ჩინეთთან შედარებით ნაკლები ეკონომიკური შესაძლებლობები აქვს. ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობა მოსკოვისთვის რისკია, რადგან კრემლი ჩინეთის დომინანტობისადმი მოწყვლადია.

დღეს რუსეთის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე ჩინური კომპანია „ჰუავეი“-ა. კომპანია ოცამდე რუსულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. „ჰუავეი“ უნივერსიტეტებთან ერთად საერთო კვლევით თუ საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს. როგორც წესი, ჩინური კომპანიები რუსულ ფირმებთან ერთად ერთობლივ საწარმოებს აფუძნებენ. უფრო მეტიც, 2020 წლის მარტში „ჰუავეი“ „სბერბანკ“-ის ტექნოლოგიური ე.წ. ღრუბლის პლატფორმის სტრატეგიული პარტნიორი გახდა.

2020 წლის ივლისში რუსეთის კიბერუსაფრთხოების კომპანია „ჯგუფი-აიბის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ილია საჩკოვმა რუსეთის პრემიერმინისტრს, მიხეილ მიშუსტინს შესჩივლა, რომ ქვეყანაში „ჰუავეი“-სა და სხვა ჩინური ტექნოლოგიური გიგანტების საქმიანობა  რუსეთის სუვერენიტეტს ინფორმაციის უსაფრთხოების მიმართულებით არღვევს და სამუშაო ბაზარს ანადგურებს.

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტები, რომლებსაც პუტინი გაშლილი ხელებით დახვდა, ინტელექტუალური საკუთრების მითვისებაში განთქმულები არიან. ამ კომპანიების წარმომადგენლობის გაზრდა რუსულ ბაზარზე  ყველა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და თავდაცვაში ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს ქმნის. აქედან გამომდინარე, ვლადიმერ პუტინის, როგორც ეფექტური ლიდერის იმიჯი იმსხვრევა. სწორედ ის უნთებს პერსონალურად ჩინეთს მწვანე შუქს, ხოლო განცხადებებში იმ ტექნოლოგიური გიგანტების შესახებ ღელავს, რომლებიც ჩინეთს არ წარმოადგენენ. პუტინი საკუთარი ხელით ანადგურებს ქვეყანას, რომელსაც მართავს და მას ჩინეთის მარწუხებში აქცევს მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთი გააღიზიანოს. ტექნოლოგიურ სფეროში ასეთი ტიპის თანამშრომლობა, როდესაც ჩინეთს რუსეთის საიდუმლოებებზე ხელი მიუწვდება, მოსკოვის პარტნიორებსაც აზარალებს და მსოფლიოში არასტაბილურობის წყაროდაც კი იქცევა.

ლევან დარასელი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები