ანა ბუჩუკური: 2020 წლის შემოდგომაზე საქართველოს მთავრობამ დაიწყო „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავლენის კვლევა, ჩემი მოწოდება იქნება, მოვითხოვოთ ეს კვლევა, რომელიც ნამდვილად დასრულებულია
2020 წლის შემოდგომაზე საქართველოს მთავრობამ დაიწყო „კოვიდ-19“-ის პანდემიის კვლევა, ჩემი მოწოდება იქნება, მოვითხოვოთ ეს კვლევა, რომელიც ნამდვილად დასრულებულია, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ინფორმაცია აქვს, კვლევამ საინტერესო შედეგები დადო.
„2020 წლის შემოდგომაზე საქართველოს მთავრობამ, მაშინდელი პრემიერმინისტრის ინიციატივით, დაიწყო „კოვიდ-19“-ის პანდემიის მართვასა და გავლენის ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც გაერო-სა და USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა. ამ კვლევის მიზანი, მათ შორის, იყო სამართლებრივი ბაზის ანალიზი, თუ რა პრობლემებია საკანონმდებლო ბაზაში და რატომ არის საჭირო, რასაც დღეს განვიხილავთ, ასეთი ხელოვნური ჩარევები. ამ კვლევის ერთ-ერთი მიმართულება ასევე იყო, თუ რა გავლენა ჰქონდა პანდემიას და პანდემიის მართვას ადამიანის უფლებებზე, რა ნაწილიც ჩაატარა კოტე კვირკველიამ. ეს კვლევა უკვე დასრულებულია.
ჩემი მოწოდება იქნება, ჩვენმა კომიტეტმა მოვითხოვოთ ეს კვლევა, რომელიც ნამდვილად დასრულებულია და, როგორც ინფორმაცია მაქვს, ნამდვილად საინტერესო შედეგები დადო. ჩავიხედოთ ამ კვლევაში დეტალურად და გავმართოთ საკანონმდებლო ბაზა იმგვარად, რომ ყოველ ექვს თვეში ერთხელ არ დაგვჭირდეს საკანონმდებლო ჩარევები. პანდემია არის თემა, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული და ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესებისგან დაცლილი”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.