ზვიად შალამბერიძე – “ნამოხვანჰესზე”: მედიაცია ერთადერთი ალტერნატივაა
“მედიაციის პროცესი ორივე მხარის შეფასებით, ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს”, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ „ქრონიკის“ ეთერში “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მედიაციის პროცესის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მზად იყო და არის დიალოგისთვის.
„მხარეებს შორის მედიაცია დღეს ერთადერთი ალტერნატივაა, რომელიც მიგვიყვანს იმისკენ, რომ ორივე მხარის ინტერესები იყოს გათვალისწინებული. ჩვენი მხრივ, სახელმწიფო ახლაც მზადაა და მანამდეც მზად იყო დიალოგისთვის. ასევე მზად იყო ყველა კითხვაზე გაცემულიყო პასუხი. თუ ეს იყო დიალოგის ფორმატით გათვალისწინებული. ჩვენ დღესაც მზად ვართ გავცეთ ყველა კითხვას პასუხი, რასაც აქციის მონაწილეები აფიქსირებენ.
მედიაციის პროცესის წარმატება დამოკიდებულია ორივე მხარეზე. როდესაც მედიაციასა და დიალოგზე მივდივართ, აქ არ უნდა იყოს დაყენებული ისეთი პრინციპული საკითხები და ორივე მხარემ უნდა დაიხიოს და გადადგას შემხვედრი ნაბიჯები. როგორც ჩვენმა მხარემ დაიხია უკან და გადადგა შემხვედრი ნაბიჯები, ასეთივე შემხვედრ ნაბიჯებს ველოდებით აქციის მონაწილეებისგანაც“, – აღნიშნა შალამბერიძემ.