ნათია თურნავა: დარწმუნებული ვართ, კვლავ დავუბრუნდებით განვითარების აღმავალ ტრაექტორიას

დარწმუნებული ვართ, უახლოეს ერთ-ორ წელიწადში მთლიანად გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს და კვლავ დავუბრუნდებით განვითარების აღმავალ ტრაექტორიას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბორჯომში განაცხადა, სადაც უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომა გაიმართა.​

მისი თქმით, თითოეულმა სამინისტრომ, დღეს მიმდინარე შეხვედრაზე კონკრეტული გეგმები წარადგინა, რომელიც მისი თქმით, მოიცავს არა მხოლოდ ზოგად ამოცანას, არამედ ძალიან კონკრეტულ ქმედებებს, რომელ წელს რას უნდა მიაღწიოს ქვეყანამ.

„მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის დავალებით მთავრობა მუშაობს მართლაც უპრეცედენტო დოკუმენტებზე, რადგან ათწლიანი გეგმა ჩვენ არ დაგვიმუშავებია. ახლა ვითარება ისეთია, იმდენად მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის დამკვიდრებული, რეფორმების მიმართ შეუქცევადი დღის წესრიგი გვაძლევს საშუალებას, რომ ათწლიანი, საშუალოვადიანი გეგმით ვიაროთ, გვაძლევს საშუალებას, რომ კონკრეტული რაოდენობრივი მაჩვენებლებით დავგეგმოთ, რას უნდა მივაღწიოთ 2025-2030 წელს. დღეს ასეთი პირველი საერთო განხილვა მოეწყო. თითოეულმა სამინისტრომ, თავისი უწყების მიხედვით, კონკრეტული გეგმები წარმოადგინა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ზოგად ამოცანას, არამედ ძალიან კონკრეტულ ქმედებებს და კონკრეტულ საზომს, რაოდენობრივ ინდიკატორს, რომელ წელს რას უნდა მივაღწიოთ.

რა თქმა უნდა, პანდემიამ თავისი დაღი დაასვა ეკონომიკურ განვითარებას. როდესაც ვსაუბრობთ უახლოეს ათწლიან გეგმებზე, პანდემიის დაძლევაზეც იქნება საუბარი, მაგრამ ჩვენ დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს ერთ-ორ წელიწადში მთლიანად გავანულებთ პანდემიითმიყენებულ ზიანს და შემდეგ კვლავ დავუბრუნდებით განვითარების აღმავალ ტრაექტორიას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, სამინისტროს დამუშავებული აქვს ახალი პროგრამები, რომელიც ადგილობრივ წარმოებას შეუწყობს ხელს.

„ჩემი სამინისტროს მიხედვით, 12 სხვადასხვა მიმართულება იყო მიმოხილული, ძალიან კონკრეტული შედეგებით. მთავარი, რაც შემიძლია გითხრათ, ეს არის ეკონომიკური ზრდა, თუ როგორი გვექნება ჩვენი რეფორმებისა და ჩვენი ძალისხმევის შედეგად, როგორი იქნება ეკონომიკური ზრდის შედეგად სიღარიბის დაძლევა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია არა უბრალოდ ზრდა ზრდისთვის, არამედ ზრდა იყოს ინკლუზიური და აისახოს თითოეული მოქალაქის ჯიბეზე.

ასევე გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იქნება, ახალი პაკეტი ჩვენი პროგრამების, რომლითაც დავეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, ასევე სხვა კოლეგებსაც აქვთ ასეთი სიახლეები, მაგრამ ჩვენი განსაკუთრებით საინტერესოა, ახალი პროგრამები გვაქვს დამუშავებული, რომელიც ადგილობრივ წარმოებას შეუწყობს ხელს. დღეს პირველი მოსმენა გაიმართა, წარვდექით ჩვენი კოლეგების წინაშე, შემდეგ ეს პროცესი გაიშლება, ჩავრთავთ საერთაშორისო ექსპერტებს, პარლამენტს და სექტემბრისთვის საბოლოო დოკუმენტი დაიდება. თუმცა, მოგიწოდებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას პარლამენტში ყურადღებით მოუსმინოთ. პირველი მნიშვნელოვანი სიახლეები, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, იქნება უკვე ასახული, დაანონსებული და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა, განსაკუთრებით ადგილობრივი წარმოებისთვის, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებისთვის, ტურიზმისთვის, მათ შორის აგრო ტურიზმისთვის და მე უბრალოდ არ მინდა, გავასწრო მოვლენებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები