დავით ზალკალიანი: პრემიერ-მინისტრის მიერ გაწეული ფასილიტაცია კარგი მაგალითია, რომ საქართველოს, რეგიონული თანამშრომლობის განსავითარებლად, აქტიურად მუშაობის რესურსი აქვს

„საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაზრებით სამხრეთ კავკასიის რეგიონი უდიდესი პოტენციალის მატარებელია გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით“, – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე, სამხრეთ კავკასიის საკითხზე მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ერთმანეთისკენ უნდა გავიხედოთ და რეგიონალური თანამშრომლობა გავაძლიეროთ, რაც საქართველოსთვის უპირობო პრიორიტეტია. ჩვენ განსაკუთრებით წარმატებული თანამშრომლობა გაგვაჩნია აზერბაიჯანთან, ის სტრატეგიული პარტნიორია, ისევე როგორც თურქეთი. ისტორიულად მეგობრულ და ახლო ურთიერთობები გვაქვს სომხეთთან, სადაც ძალიან დიდი პოტენციალია. აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთისთანამშრომლობის თვალსაზრისით ჩვენ ძალიან კარგი პრაქტიკული მაგალითები გაგვაჩნია, საუბარია, რა თქმა უნდა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე, ბაქო-თბილისი-ერზერუმზე, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტსა და სამხრეთ კასპიის გაზსადენზე, ასევე ტრანსანატოლიურ და ტრანსადრიატიკულ ნავთობსადენებზე. ეს ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობის დემონსტრაციაა. სწორედ ამიტომ გვინდა მივიტანოთ ჩვენი ეს გზავნილი ყველა ჩვენ მეზობლამდე და განვუცხადოთ ჩვენს სომეხ კოლეგებს, რომ, მზად ვართ, ტრიოს ფორმატში – საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი – ვიმუშაოთ რეგიონალური თანამშრომლობის კუთხით” – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია კონკრეტული პროექტების განხორციელება, რომელიც ხელს შეიწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, სატრანსპორტო დაკავშირებას, კასპიისა და შავი ზღვების პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ ფორმატში, რომელშიც ჰუმანიტარული განზომილებაც მოიაზრება, შესაძლებელია ისეთი დიდი პარტნიორებისა და მოთამაშეების ჩართვაც, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და თურქეთი, რაც ზემოხსენებული პროექტების განვითარებაში დაგვეხმარება.

„რეგიონში კავშირების გაღრმავებისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების გარეშე ვერ მოხერხდება სტაბილური გარემოს შექმნა. ხოლო სტაბილურობის გარეშე შეუძლებელი იქნება განვითარებასა და კეთილდღეობაზე საუბარი. ასე რომ, ჩვენი მხრიდან, ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ ჩვენი შეზღუდული რესურსების პირობებშიც აქტიურად უნდა ვიმუშაოთ. ამის კარგი მაგალითია საქართველოს პრემიერ- მინისტრისა და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ფასილიტაციით მიღწეული ჰუმანიტარული შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც ტყვეთა გათავისუფლებასა და დანაღმული ტერიტორიების რუკების გაცვლას გულისხმობდა, რაც ასევე იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს ბევრის გაკეთება შეუძლია. ვფიქრობ, ეს აღნიშნული პროცესის კარგი დასაწყისია” – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები