მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: ცდილობენ, რომ ამნისტია იყოს მიღებული, მაგრამ ისე იქცევიან, თითქოს არ უნდათ
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს როგორც ამნისტიაზე დათანხმება, ისე შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა.
„ვერ არიან ჩამოყალიბებულები მესიჯბოქსთან დაკავშირებით – ადრე მესიჯბოქსი მაინც ჰქონდათ ხოლმე საერთო, ახლა კი არეულობაა, ვინაიდან მათ დაბნეულობას იწვევს ის ობიექტური გარემოებები, რომ ისინი მართლები არ არიან. არცერთ ობიექტურ გარემოებასთან მიმართებაში არ არიან მართლები, იმიტომ რომ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისინი არ უერთდებიან შარლ მიშელის შეთანხმებას. ახლა რაღაც გზებით ცდილობენ, რომ ამნისტია იყოს მიღებული – სინამდვილეში უნდათ, მაგრამ ისე იქცევიან, თითქოს არ უნდათ. საბოლოო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ მათ მოუწევთ როგორც ამნისტიაზე დათანხმება, ისე შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა“, – განაცხადა მდინარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს „ამნისტიის შესახებ“ კანონს, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, შეუერთდეს შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას.