ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია მოამზადა

ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია მოამზადა, – განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჟოსეფ ბორელმა.

მისი თქმით, ახალი სტრატეგია ემყარება მოსკოვთან ერთდროულ მოგერიებას, შეკავებასა და ურთიერთქმედებას.

”უნდა მოვიგერიოთ, შევაკავოთ და ვითანამშრომლოთ ერთდროულად”, – თქვა ბორელმა ახალი სტრატეგიის წინასწარი მიმოხილვის დროს, რომელსაც ევროკავშირის ლიდერები მომდევნო კვირას სამიტზე განიხილავენ.

მისივე თქმით, ამჟამად, ევროკავშირის ურთიერთობები რუსეთთან ყველაზე “დაბალ დონეზეა”.

”მათი გაუმჯობესება რთულია. პერსპექტივა არც ისე ხელსაყრელია, რომ სიტუაცია უახლოეს დროში გაუმჯობესდეს”, – თქვა მან.

ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამავე დროს მზად არის რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, თუ კრემლი შეცვლის პოზიციას.

რუსეთთან დაკავშირებით ევროკომისიის ახალი ანგარიში, სავარაუდოდ, დღეს გამოქვეყნდება – იმ დროს, როდესაც ჟენევაში რუსეთისა და აშშ-ის პირველი პირების შეხვედრა აქტიურ ფაზაში იქნება.

რაც შეეხება ევროკავშირის ლიდერების სამიტს, ის ბრიუსელში 24-25 ივნისს ჩატარდება.

დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხი რუსეთთან ურთიერთობების განხილვაა ბორელისა და ევროკომისიის ანგარიშის საფუძველზე.

ახალი სტრატეგია უკვე გააკრიტიკეს რუსეთში. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, ხალხს, ვისაც ასეთი კონცეფცია მოუვიდა თავში, აშკარად აქვს პრობლემები ისტორიის ცოდნის, რეალობის აღქმისა და ფობიების.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები