“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით, ნატო-ს ქვეყნები მხარს უჭერენ იმას, რამაც საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა” – ე.წ. საგარეო უწყების პასუხი
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შემაჯამებელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და უკან წაიღონ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობის აღიარება”.
”ნატო-ს შემაჯამებელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები, რაც დამახასიათებელი გახდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებისთვის. ამავდროულად, იმ ქვეყნების წრე, რომლებიც ბრიუსელის მაამებელ დახასიათებებს იმსახურებენ, ყველაზე ხშირად შემოიფარგლება ევროპისა და შეერთებული შტატების ქვეყნებით, ანუ – თავად ნატო-ს წევრებით. ნატო-ს მიერ გაზიარებული ”ღირებულებები” გამოიყენება ”განსხვავებული აზრის მქონე” ან “არასასურველი” ხალხებისა და სახელმწიფოების დისკრიმინაციის მოსახერხებელ ინსტრუმენტად. ამგვარი სახელმწიფოების “წინააღმდეგობისა” და “შეკავებისთვის” მოსალოდნელია სამიტზე გამოცხადებული ალიანსის სამხედრო ბიუჯეტის ზრდაც”, – ნათქვამია განცხადებაში.
ნატო-ს სამიტის დასკვნით განცხადებაში, ტრადიციულად, ისმის მოთხოვნა რუსეთისადმი, გაიყვანოს ჯარი საქართველოდან, უარი თქვას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და შეასრულოს მითიური “ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება”. ამ მოთხოვნების აბსურდულობა აშკარაა ნებისმიერი მიუკერძოებელი დამკვირვებლისთვის, ვინც იცნობს 2008 წლის აგვისტოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოვლენებს და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას.
აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარების სამართლებრივ-პოლიტიკური აქტი სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და არ საჭიროებდა სხვა სახელმწიფოებისგან დამტკიცებას. მოსკოვისა და სოხუმის მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებები ასევე არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს. “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის” მხარდაჭერის გამოხატვით, ნატო-ს ქვეყნები მხარს უჭერენ იმას, რამაც საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა, როგორც პოლიტიკურმა და სამართლებრივმა რეალობამ, თბილისის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, რომელსაც მ. სააკაშვილი ხელმძღვანელობდა ჯერ კიდევ 2008 წელს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის საქმიანობის გაგრძელების აუცილებლობას. ამავე დროს, ნატო, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, თავისი ქმედებებით ხელს უწყობს საქართველოს არაკონსტრუქციულ კურსს ჟენევაში კონფლიქტის მხარეებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის მიღებისა და ხელმოწერის გაჭიანურებაში.
გარდა ამისა, ნატო-ს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსთან, სავარაუდოდ, ხელს არ შეუწყობს თბილისის მშვიდობიან კურსს. პირიქით, მოსალოდნელია საპირისპირო შედეგი, რომელიც იქნება არაპროგნოზირებადი. ანალოგიური შედეგი შეიძლება, გამოიწვიოს ვაშინგტონისა და ბრიუსელის მცდელობებმა, საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შეიყვანონ.
დარწმუნებულნი ვართ, რომ ნატო-ს საქართველოსთან ფლირტმა შეიძლება, სერიოზულად გააუარესოს უსაფრთხოების მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში და, საბოლოოდ, შეარყიოს მონაწილეებისა და საერთაშორისო შუამავლების მუშაობა ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ორმხრივად მისაღები შედეგის მისაღწევად”, – ნათქვამია განცხადებაში.