სალომე სამადაშვილი: გახარია ფიქრობს, რომ ივანიშვილს შესთავაზოს პოლიტიკური პროექტი, რომელიც შეიძლება, მისთვის უფრო საინტერესო იყოს, ვიდრე – „ქართული ოცნება“
“გახარია უბრალოდ ფიქრობს, რომ ივანიშვილს შესთავაზოს პოლიტიკური პროექტი, რომელიც შეიძლება, მისთვის უფრო საინტერესო იყოს, ვიდრე „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს დემოკრატიული ოპოზიციის კოალიციურ ხელისუფლებაში მოყვანის გზით.
„რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის უბრალოდ შეჯიბრი ბიძინა ივანიშვილის კარზე. გახარია უბრალოდ ფიქრობს, რომ ივანიშვილს შესთავაზოს პოლიტიკური პროექტი, რომელიც შეიძლება, მისთვის უფრო საინტერესო იყოს, ვიდრე – „ქართული ოცნება“. ირაკლი კობახიძე, როგორც ამ გაკოტრებული პარტიის თავმჯდომარე, იცავს საკუთარ პოზიციებს. საბოლოოდ, გადაწყვეტილების მიმღები, ძალაუფლების წყარო და ყველანაირი პრობლემის მიზეზი რჩება ისევ და ისევ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა. ამიტომ, ივანიშვილის არანაირი პროექტი, იქნება ეს კობახიძე თუ სხვა, ქართველი ხალხისთვის სატყუარა არ იქნება. ხელისუფლება უნდა შევცვალოთ აუცილებლად დემოკრატიული ოპოზიციის კოალიციურ ხელისუფლებაში მოყვანის გზით, რაც არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად დავამარცხოთ ოლიგარქიული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიას მიერ 20 ივნისს მომიტინგეების დაშლის ოპერაცია გაუგებრად იყო დაგეგმილი, რამაც ქვეყანა მძიმე შედეგებამდე მიიყვანა.