ივანე ჩხაიძე – ვაქცინაციაზე: რეგიონებში გარკვეული გამოცოცხლება შეინიშნება, თუმცა, თბილისთან შედარებით, ძალიან დიდი დისპროპორციაა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში „სინოვაკის“ ვაქცინით იმუნიზაციის დაწყება ვაქცინაციის პროცესის ტემპზე დადებითად აისახება.

მისივე თქმით, “სინოვაკის” ეფექტიანობაც და უსაფრთხოებაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.

„შეზღუდული რაოდენობით, მაგრამ, მაინც, შესაძლებელი იქნება „სინოვაკის“ პირველი და მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიდრე საქართველოში შემოვა 3 400 000 დოზა ვაქცინა, სტაბილურად, ყოველდღიურად, 5-6 ათასი ადამიანის ვაქცინაცია ტარდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული გამოცოცხლება შეინიშნება საქართველოს რეგიონებში, თუმცა, თბილისთან შედარებით, ძალიან დიდი დისპროპორციაა. ვაქცინირებული ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა თბილისშია კონცენტრირებული. „სინოვაკით“ ვაქცინაციის დაწყება, გარკვეულწილად, შეავსებს ხარვეზს, რადგან მას ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს. მისი ეფექტიანობაც და უსაფრთხოებაც სრულად შეესაბამება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებს“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

“სინოვაკის” ვაქცინით აცრაზე რეგისტრაცია დღეიდან განახლდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები