საქართველოს კულტურის სამინისტროში ოსტატების რეესტრში ჩარიცხვა გრძელდება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ოსტატების რეესტრში ჩარიცხვის მსურველებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე არქიტექტორ-რესტავრატორებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია 50-მდე პრაქტიკოს ოსტატს გაესაუბრა.

“გასაუბრების შედეგად კომისია გასცემს ძეგლთა დაცვის სისტემაში დასაქმების რეკომენდაციას, ან დასაქმებამდე კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ მიუთითებს. კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს (თეორიულ-პრაქტიკული წვრთნები) სამინისტრო უზრუნველყოფს. დასაქმებული ან კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე გაგზავნილი პირებისაგან კი ოსტატთა რეესტრი შედგება.

რეესტრში აღრიცხული ოსტატები დამატებით პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და ერთწლიანი პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში – სერტიფიკატს. სამინისტროს მიზანია, რომ 2022 წლის 1 მაისიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ იმ სპეციალისტებს, რომელთაც ექნებათ სერტიფიკატით დადასტურებული პროფესიული უნარები.

ინფორმაციისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სათანადო ხარისხით დაცვის მიზნით ოსტატების რეესტრი შეიქმნება, ხოლო 2022 წლიდან მათი სერტიფიცირების სისტემა ამუშავდება. ოსტატების რეესტრში დასარეგისტრირებლად მსურველებს განაცხადის გამოგზავნა 15 ივნისამდე შეუძლიათ სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალური გვერდის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის info@culture.gov.ge ან ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე 2-022-229. განაცხადები მიიღება შემდეგ პროფესიებში: ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი; ჩუქურთმის მჭრელი; დეკორატორი);  ხითხურო, ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი, კირითხურო (მლესავი; ყორემწყობელი; მძერწავი); სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები, მეთუნუქე ოსტატები); მჭედელ-ზეინკალი, მეავეჯე, ხარატი, დეკორატორი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები