უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა მაუწყებლობის ფინანსურ გამჭვირვალობაზე უნდა შესრულდეს

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ სრულ შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების შემდეგ უზენაესმა სასამართლომ მიიღო. კერძოდ, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მენეჯმენტის სარჩელი, რომლის მიხედვითაც „მთავარი არხის“ ახლანდელი მენეჯმენტი კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა.
არცერთი ინსტანციის სასამართლომ მაუწყებლების მოთხოვნა კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მაუწყებლები არა მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებისა და მაუწყებლობის შესახებ კანონით, არამედ ამჯერად უკვე სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად არიან ვალდებულნი შეავსონ კომუნიკაციების კომისიის მიერ დამტკიცებული ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ფორმები.
შეგახსენებთ, რომ მაუწყებლების დიდი ნაწილი მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოთხოვნებს არ ასრულებდნენ, ვინაიდან მათ კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წლების განმავლობაში სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში ჰქონდათ გასაჩივრებული. იმის გამო, რომ წლების განმავლობაში მაუწყებლები კანონის მოთხოვნას არ ასრულებდნენ საქართველო არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი, მათ შორის, ისეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტია.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი 2017, 2018 და 2019 წლების ანგარიშებში ქვეყანას კანონით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აკრიტიკებდა. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონის მთავარი მიზანი, მაყურებლების ინფორმირება იყო, იმისთვის, რომ საზოგადოებას არაწინასაარჩევნო პერიოდშიც ჰქონოდა დეტალური ინფორმაცია მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ. კერძოდ, იმის შესახებ რამდენად ახდენს მაუწყებლების დაფინანსების წყაროები, მათ შორის, კომერციული დაფინანსების წყარო სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები