შრომის უსაფრთხოების სისტემის სისტემური გამოწვევები

უკეთესი უსაფრთხოება  ნიშნავს ჯანმრთელობის უკეთეს  დაცვას   

ხათუნა ჩომახიძე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი შრომის უსაფრთხოების საკითხებში,

სტუ ასოცირებული პროფესორი

 შრომის უსაფრთხოება თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა, რაც გულისხმობს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ფუნქციური შესაძლებლობების სამუშაო ასპექტებისგან დაცვის სისტემას. ამ სისტემით უნდა შეიქმნას ჯანსაღი და უსაფრთხო საქმიანობის პირობები და მოიცავდეს სამართლებლივ, სოციალურ-ეკონომიკურ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ, სანიტარულ-ჰიგიენურ, სამკურნალო-პროფილაქტიკურ, სარეაბილიტაციო და სხვა ღონისძიებებს.

ბოლო წლებში შრომის უსაფრთხოებას გაძლიერებული ყურადღება ექცევა, რაც  განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით შრომის უსაფრთხოების შესახებ. ამ დეკლარირებულ დოკუმენტებს არსებითად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაჩქარებისა და არსებული სოციალური პრობლემების გადაჭრის საკითხებში.

თანამედროვე მსოფლიოში არსებობს მძიმე და საყურადღებო სტატისტიკა.  ამ მონაცემებით, ყოველწლიურად

  • 2-3 მილიონი ადამიანი შავდება სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების და მასთან დაკავშირებული სხვადსხვა ავადმყოფობის გამო;
  • 6000 ადამიანი იღუპება სამუშაო ადგილზე მიღებული სხვადასხვა დაზიანების შედეგად;
  • 340 მილიონი ადამიანი შავდება სამუშაო ადგილზე ინციდენტების დროს და 160 მილიონი ადამიანი იტანჯება პროფესიული დაავადებების გამო;
  • 651,279 ადამიანის გარდაცვალება ფიქსირდება, რაც გამოწვეულია მავნე ნივთიერებების ზემოქმედებით.

რადგანაც 2015 წლამდე საქართველოში არ არსებობდა შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ზედამხედველი სახელმწიფო ორგანო, ამან განაპირობა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სისტემური პრობლემის წარმოქმნა. ამიტომ შრომის უსაფრთოების კულტურის ნაკლებობა წლებია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს ზუსტი, ქმედითი და დაბალანსებული პოლიტიკის გატარებას, რათა ქვეყანაში ხელი შეეწყოს თანამედროვე ევროპული სტანდარტებით უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებას და გამართული სამუშაო პირობების დამკვიდრებას.

საქართველოში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა მხოლოდ 2015 წელს დაიწყო, როდესაც შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, ხოლო  2018 წლის მარტში მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც 2019 წლის 1 სექტემბრიდან ყველა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტზე გავრცელდა და დაიწყო აქტიური კონტროლი შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულებაზე. ამ პროცესებს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებამ.

 შედეგად, 2018 წელთან შედარებით, უბედური შემთხვევების რაოდენობა 2019 წელს 24%-ით, ხოლო 2020 წლის პირველ ნახევარში 35%-ით არის შემცირებული, თუმცა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა და 199 ადამიანი დაშავდა, ხოლო 2019 წელს სამუშაო ადგილზე დაიღუპა 45 და დაშავდა 168 დასაქმებული. უფრო სავალალო მდგომარეობა იყო 2011 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, ანუ მთელი 9 წლის განმავლობაში, როდესაც საწარმოო შემთხვევების შედეგად 435 ადამიანი დაიღუპა და 1280 ადამაიანი დაშავდა.

მშენებლობები, გადამამუშავებელი და სამთო-მოპოვებითი მრეწველობა — ეს არის ის ძირითადი დარგები, სადაც 2019 წელს საწარმოო პროცესში სიკვდილიანობა და დაშავება ყველაზე ხშირად დაფიქსირდა.

2021 წლის პირველი იანვრიდან  შრომის ისპექციის მანდატი გაფართოვდა და მას ახლა შეუძლია არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების, არამედ შრომის უფლებების დარღვევის ფაქტებზეც ჰქონდეს რეაგირება და ამ მიმართულებითაც შეამოწმოს საწარმოები.

უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა არასდროს ყოფილა ისეთი რთული გამოწვევა, როგორც ახლა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები ცდილობენ ჩვეულ რეჟიმში აღადგინონ ნორმალური ფუნქციონირება, კოვიდ 19 პანდემია მნიშველოვან საფრთხეს უქმნის დასაქმებულთა ჯანმრთელობას და მათ ფინანსურ მდგრადობას.

რატომ არის საჭირო ჯანმრთელი სამუშაო გარემო?

  • უსაფრთხო სამუშაო გარემო არის გაზრდილი შრომის ნაყოფიერება და შემცირებული ფინანსური ხარჯები;
  • უკეთესი უსაფრთხოება = უკეთეს ჯანმრთელობას;
  • გაზრდილი უსაფრთხოების ზომები უზრუნველყოფს ნაკლები დროის და კომპენსაციის ხარჯებს;
  • წარმატებული, ჯანმრთელი და უსაფრთხო სისტემა არის მუდმივი განვითარება და სამუშაო დროის ნაკლები გაცდენები.

 როგორ უნდა შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო?

  • საჭიროა ამ საკითხზე რეგულარული გამოკითხვების ჩატარება;
  • აუცილებელია დასაქმებულებზე ორიენტირებული სამუშაო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი;
  • ცნობიერების ამაღლება და სამუშაო ადგილის უსაფრთხოების პროგრამის დანერგვა;
  • აუცილებელია, ყოველივე ზემოთ ხსენებული იყოს კომპანიის საქმიანობის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და თანამშრომლებმა ზედმიწევით შეასრულონ იგი.

ევროპული გამოცდილების ანალიზი გვიჩვენებს, რომ შრომის უსაფრთხოების წარმატებული უზრუნველყოფისათვის აუცილებელია განხორციელდეს კომპლექსური მიდგომა, რომელიც ეფუძნება 5 თანმიმდევრულ პრინციპს:

  1. ვალდებულება და კომუნიკაცია
  2. პირადი მაგალითის ძალა
  3. პოზიტიური გამოცდილების განვითარება და დანერგვა
  4. ტრენინგის ჩატარება
  5. პროცესში თანამშრომელთა ჩართულობა.

ეს კატეგორიები მოკლედ განვიხილოთ, თითოეული ცალ-ცალკე:

ვალდებულება და კომუნიკაცია – ორივე კატეგორია სამუშაო ადგილის უსაფრთხოების წარმატებული და პოზიტიური კულტურის ძირითადი ასპექტებია. ნებისმიერი ორგანიზაციის მენეჯმენტის ვალდებულებაა უსაფრთხო ოპერაციების შესრულება. ამისათვის უნდა ვიხელმძღვანელოთ ფაქტებით და სტატისტიკით. წარვუდგინოთ მმართველ მენეჯმენტს ის უპირატესობები, რაც მათ დაანახებს თავიანთი ინვესტიციების ანაზღაურების შესაძლებლობას, სამუშაო გარემოს შესაძლო რისკებს და საბოლოო ჯამში, ყველა თანამშრომელისა თუ კონტრაქტორის სამუშაო ადგილზე უსაფრთხო კულტურის დამკვიდრებას.
პირადი მაგალითის ძალა – უმნიშელოვანესია, ნებისმიერი კომპანიის მმართველი მენეჯმენტი თანამშრომლებისთვის იყოს მაგალითი. ეს ხელს შეუწყობს უსაფრთხოების პოლიტის დაცვას და განხორციელებას. თუ მენეჯმენტი მზად იქნება უსაფრთხოების პოლიტიკის დასაცავად, თანამშრომლებიც აუცილებლად გაიზიარებენ ამ სტანდარტს. უსაფრთხოების მაღალი კულტურის მქონე ორგანიზაციებს ესმით, რომ საგანგებო სიტუაციები და ინციდენტები შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, ამიტომ აქვთ დანერგილი შესაბამისი სისტემები და ზედმიწევნით იციან ამ ინციდენტების მართვის ეფექტური მეთოდები.

პოზიტიური ანგარიშების პროცესის განვითარება და დანერგვა – ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხების ანგარიშები მნიშვნელოვანია ორგანიზაციების უსაფრთხოების კულტურის გაუმჯობესებისათვის. უსაფრთხოების პოზიტიური კულტურის შექმნა და შენარჩუნება ბევრად უფრო რენტაბელური იქნება, როდესაც თანამშრომლები კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, მეტიც, ენდობიან ანგარიშგების პროცესის დადებით მაჩვენებლებს. ის ორგანიზაციები, რომლებიც ეფექტურად ახორციელებენ უსაფრთხოების სისტემების მართვას, მუდმივად იკვლევენ ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა ინციდენტების შეტყობინება, ქცევაზე დაკვირვება, უბედური შემთხვევის გამოძიება, ტრენინგი და ასე შემდეგ. ისინი ირჩევენ უსაფრთხო ბიზნესს, რომელიც უზრუნველყოფს ჩადებული ინვესტიციების საუკეთესო უკუგებას.

ტრენინგის ჩატარებაჯანდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გათვალისწიებით თანამშრომლების ტრენინგების ინვესტირება აჩვენებს კომპანიის ვალდებულებას, სწორ და რელევანტურ მიდგომას უსაფრთხო სამუშაო გარემოს არსებობის მიმართ. უსაფრთხოების ეფექტური კულტურა მოითხოვს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ძლიერ კომპეტენციებს. ამიტომ ინფორმირებული თანამშრომლები უფრო ადვილად იცავენ უსაფრთხოების წესებს, უფრო მზად არიან  უსაფრთხოების კულტურის დანერგვისათვის, რადგან მათ იციან რა საფრთხეები არსებობს  და რა გავლენა შეიძლება მოახდინონ მათი სამუშაო ადგილის უსაფრთხოდ შენაჩუნებაზე. კარგი კომპეტენციის გარდა, ტრენინგების ჩატარება მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებს ლიდერობაზე, ინიციატივაზე და აზროვნების არასტანდარტულ სტილზე.

თანამშრომელთა ჩართულობა – უსაფრთხოების კულტურის შექმნა კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე იწყება. თანამშრომელთა მოზიდვის კიდევ ერთი გზაა თანამშრომელთა ჩართულობა უსაფრთხო გარემოს შექმნის პროცესში. ორგანიზაციის ყველა სტრუქტურული რგოლის თანამშრომლებთან ერთად შრომის უსაფრთხოების საკითხებში მუშა ჯგუფის შექმნას შეუძლია უზრუნველყოს  განსხვავებული მოსაზრებების და საკითხების წინ წამოწევა. მოქნილი მენეჯმენტისა და  მუშა ჯგუფების ხშირი შეხვედრები საერთო  მიზნის მიღწევის აუცილებელი პირობა და  წარმატების საწინდარია. სწორედ ამას ემსახურება ზემოაღიშნული 5 პრინციპის განხორციელება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები