,,ჯორჯიან ეარვეისი” რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს – ,,მის სახელთან მრავალი ისეთი შედევრია დაკავშირებული, რომელიც მარადიულად დარჩება მაღალი ხელოვნების ისტორიაში”
საქართველოს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ თანამშრომელთა სახელით, უდიდესი ქართველი ხელოვანის, რეზო გაბრიაძის გარდაცვალების გამო თამაზ გაიაშვილი მწუხარებას გამოთქვამს.
,,ბატონი რეზო ის ბუმბერაზი შემოქმედი იყო, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა. იგი თავის თავში აერთიანებდა მწერალს, რეჟისორს, სცენარისტს… მის სახელთან მრავალი ისეთი შედევრია დაკავშირებული, რომელიც მარადიულად დარჩება მაღალი ხელოვნების ისტორიაში.
ბატონი რეზო გაბრიაძე მფრინავი არ ყოფილა, მაგრამ ისე ღრმად ჩასწვდა მფრინავის სულს, მის განცდებს, მის დამოკიდებულებებს ცასა და მიწასთან, ხელოვანის მძლავრი ფრთებით ისე ლაღად და ლამაზად იფრინა ლაჟვარდებში, რომ ყველა მფრინავისთვის არამარტო ახლობელ ადამიანად, ერთგვარ მეტრად და საზომად იქცა.
დღეს მთელი მსოფლიო გლოვობს იმ შეუვსებელი დანაკლისის გამო, რაც ბატონ რეზოს მარადიულ სასუფეველში დავანებით ხელოვნებამ განიცადა.
ვუსამძიმრებთ ბატონ რეზოს ოჯახს, ბატონ რეზოს ყველა გულშემატკივარს, სრულიად საქართველოს. გვწამს, რომ ბატონ რეზოს უდიდესი ღვაწლი სამაგალითოდ და სამარადისოდ შემორჩებათ მომავალ თაობებს,” – აცხადებს თამაზ გაიაშვილი.