კახა კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილებისთვის ორ პროექტზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში კიდევ, დაახლოებით, 700 ოჯახი დაკმაყოფილდება.

მისი თქმით, ცხადდება ინტერესთა გამოხატვა ორი მსხვილი პროექტისთვის სამგორსა და ვარკეთილში.

„სამწუხაროდ, გვყავს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახები. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აღიარებული აქვს ვალი მათთან მიმართებით, ათეული წლებია, ამ ადამიანებს ყურადღებას არავინ აქცევდა. ჩვენ ამ ოჯახებს მივეცით პირობა, რომ აღნიშნულ საკითხს მოვაგვარებდით. უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, გარკვეულ მიწის ნაკვეთებზე გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა. გვყავს გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც მშენებლობის შემდეგ ამ ოჯახებს დააკმაყოფილებენ. რიგითობა და თანმიმდევრობა ძალიან მარტივი წესით – სოციალური ქულების მიხედვით განვსაზღვრეთ. ვისაც ჯერ კიდევ არ შემოუტანია განცხადება, ჩემი თხოვნა იქნება, რომ აუცილებლად მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც ქულებს მოგანიჭებთ და რიგითობას დაიკავებთ. საუბარია, ჯამურად, დაახლოებით, 3 000 ოჯახზე. ამ ეტაპზე, ამ მშენებლობებთან დაკავშირებით, ნებართვები სხვადასხვა ეტაპზეა. არის კონკრეტული კომპანიები, რომლებსაც აქვთ ნებართვები და მშენებლობაც დაწყებულია. არის შემთხვევები, რომლებიც პროცესშია, კომპანიები მალე მიიღებენ ნებართვებს და მშენებლობაც დაიწყება. დღეს კი, ცხადდება ინტერესთა გამოხატვა ორი მსხვილი პროექტისთვის სამგორსა და ვარკეთილში, რომლითაც დაზარალებული ოჯახები დაკმაყოფილდებიან“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები