მიხეილ სარჯველაძე: ნინოწმინდის პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს ყველა ბერკეტი ხელთ აქვს საიმისოდ, რათა ვთქვათ, რომ იქ მყოფ არცერთ ბავშვს არავითარი საფრთხე არ ემუქრება
“ამჟამად, ნინოწმინდის პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს ყველა ბერკეტი სამართლებრივიც და ფაქტობრივიც ხელთ აქვს საიმისოდ, რათა დარწმუნებით ვისაუბროთ იმაზე, რომ იქ მყოფ არცერთ ბავშვს არავითარი საფრთხე არ ემუქრება”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნერვიულობის ყველანაირი მიზეზი, რეალურად, აღმოფხვრილია.
„მნიშვნელოვანია, ითქვას, რომ ამჟამად უშუალოდ პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს რეალურად ყველა შესაძლებლობა, ბერკეტი, სამართლებრივიც და ფაქტობრივიც, ხელთ აქვს საიმისოდ, რომ ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებით ვისაუბროთ იმაზე, რომ არცერთ იქ მყოფ ბავშვს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ყველანაირი მიზეზი ნერვიულობის, რეალურად, აღმოფხვრილია, იქ ამჟამად ეს მდგომარეობა არის. ეს არის ამ დროისთვის მუშაობის შედეგი, რომელიც გვაქვს და, ბუნებრივია, ეს არ იქნება მუშაობის საბოლოო წერტილი, გაგრძელდება მუშაობა, რათა რეალურად განხორციელდეს, მათ შორის, სახალხო დამცველის მხრიდან მონიტორინგის რეალური მექანიზმების მუშაობა. შესაბამისად, ამ წუთისთვის ეს მდგომარეობაა. ბუნებრივია, კომიტეტის იქნება ჩართული, როგორც აქამდე იყო ამ საკითხების გადაჭრაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე 2016-2021 წლებში გამოძიება სისხლის სამართლის ოთხ საქმეზეა დაწყებული.