ანა ბუჩუკური – წერილზე: დეტექტიური სერიალის გაგრძელებას ჰგავს და დაველოდოთ, შემდეგ სერიაში რას ვნახავთ
“დეტექტიური სერიალის გაგრძელებას ჰგავს და დაველოდოთ, შემდეგ სერიაში რას ვნახავთ”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა მუქარის შემცველ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან საინტერესოა, ეს ახლა, 3 წლის თავზე რატომ გაახსენდათ.
„ბატონ ბადრისა და ბატონ ხაზარაძეს უნდა ჰკითხოთ, ამ 3 წლის განმავლობაში მათი თქმით მნიშვნელოვან ინფორმაციას რატომ არ ამბობდნენ და, ალბათ, მათვე უნდა ჰკითხოთ, მიაწოდეს თუ არა პროკურატურას ეს ინფორმაცია, რადგან ძალიან საინტერესოა, ახლა, 3 წლის თავზე რატომ გაახსენდათ. დეტექტიური სერიალის გაგრძელებას ჰგავს და დაველოდოთ, შემდეგ სერიაში რას ვნახავთ“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მუქარის წერილის შესახებ პირველად 2019 წლის 4 მარტს ისაუბრა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, გიორგი გახარიასგან წერილი მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო.