არჩილ თალაკვაძე: თუ ბატონ ჯაფარიძეს აქვს მეტი სათქმელი, შეუძლია, თქვას, თუ ბატონ გახარიას სურს მეტი უპასუხოს ჯაფარიძეს, ისიც დღეს არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი და შეუძლია, უპასუხოს
თუ ბატონ ჯაფარიძეს აქვს მეტი სათქმელი ამაზე, შეუძლია, თქვას, თუ ბატონ გახარიას სურს მეტი უპასუხოს ჯაფარიძეს, ისიც დღეს არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი და შეუძლია, უპასუხოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია რასაც ამბობს, იმაზე ახსნა-განმარტების გაკეთება არ არის „ქართული ოცნების“ მოვალეობა, მათი მოვალეობაა, განმარტონ, რას გულისხმობენ განცხადებებში.
„ოპოზიციას და ბატონ ჯაფარიძეს ჰქონდა საშუალება, გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული მექანიზმები ყველა იმ საკითხის გამოსაკვლევად, რაზეც ის განცხადებებს აკეთებდა, თუნდაც ამ წერილთან მიმართებაში, ის ჯერ არ ამბობდა, თუ ვინ გადასცა წერილი, დღეს უკვე აკეთებს ასეთ განცხადებებს. მე ვფიქრობ, რომ ორი ოპოზიციური პარტია და მისი ლიდერები ერთმანეთში გაარკვევენ ამ ურთიერთობას. მათ აქვთ საშუალება, რომ პირადად გასცენ პასუხები ერთმანეთს. ასე რომ, ჩვენი მხრიდან წერილთან დაკავშირებით არ მგონია, სხვა დღეს რამე მოისმინოთ. ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა, გახარია არის თუ არა ხელისუფლებაში, ნებისმიერ ასეთ საკითხს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა და ყველა მოქმედებს კანონმდებლობის თანახმად.
რაც შეეხება წერილთან დაკავშირებულ დეტალებს, ვინ რას ფიქრობს, ამაზე შეგიძლიათ ჰკითხოთ როგორც ბატონ ჯაფარიძეს, ისე ბატონ გახარიას, ისინი დღეს არიან ოპოზიციაში, დარწმუნებული ვარ, პრობლემა არ ექნებათ, მედიას ამაზე უპასუხონ. ხელისუფლებას არანაირი დამატებითი ან ახალი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვს, გარდა იმისა, რაც მედიისგან მოისმინეს. ვისგანაც მოისმინეთ მედიიდან, მათთან შეგიძლიათ, დააზუსტოთ მეტი ინფორმაცია. ჰკითხეთ ადამიანებს, ვინც ამტკიცებს და მეორე პასუხობს, გახარიას აბრალებს ჯაფარიძე და მე მეკითხებით, არსებობდა თუ არა? ვინ უნდა გაარკვიოს არსებობდა თუ არა, მგონი, მე პროკურატურა არ ვარ, მე ვარ პარლამენტის წევრი. ახლა გაარკვიეთ, რომ „ქართული ოცნება“ ამაში არ იყო ჩართული? უკაცრავად, ჩვენ მაშინაც ვუთხარით ჩვენი პოზიცია ხალხს და დღესაც ვეუბნებით.
ოპოზიცია რასაც ამბობს, იმაზე ახსნა-განმარტების გაკეთება არ არის „ქართული ოცნების“ მოვალეობა, მათი მოვალეობაა, განმარტონ, რას გულისხმობენ განცხადებებში, რასაც აკეთებენ. ოპოზიციური პარტიის ერთმა ლიდერმა ოპოზიციური პარტიის მეორე ლიდერს უთხრა და განცხადება გააკეთა მასთან მიმართებაში, მეორემ უპასუხა ან უნდა უპასუხოს, „ქართულმა ოცნებამ“ თარჯიმნის როლი რატომ უნდა შეასრულოს? ჩვენი თანაგუნდელი როცა იყო, მაგ საკითხზე ჩვენი პოზიცია იცით და დღესაც იგივეა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, მუქარის შემცველი წერილი გახარიასგან გადაეცა პირადად მას, თუმცა წერილის ადრესატი ასევე იყო მამუკა ხაზარაძე.