ნიკოლოზ სამხარაძე: მე არ წარმომიდგენია მერი, რომელიც არ იქნება პოლიტიკური ფიგურა და იქნება უბრალოდ მეურნე, მეურნეობისთვის სხვა სამსახურები არსებობს
“მე არ წარმომიდგენია მერი, რომელიც არ იქნება პოლიტიკური ფიგურა და იქნება უბრალოდ მეურნე”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, მეურნეობისთვის სხვა სამსახურები არსებობს.
„მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დიდი ქალაქებისა და დედაქალაქების მერები არიან პოლიტიკური პირები იმიტომ, რომ ისინი არიან ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არჩევითი თანამდებობის პირები. ამიტომ, მე არ წარმომიდგენია მერი, რომელიც არ იქნება პოლიტიკური ფიგურა და იქნება უბრალოდ მეურნე. მეურნეობისთვის სხვა სამსახურები არსებობს, დეპარტამენტები, რომლებიც ამ საკითხს უწევენ კურირებას, მერი უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველს უნდა აჩვენონ, როგორ შეიძლება, თბილისის მაგალითზე კოალიციური მმართველობა ჰქონდეთ. მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი თქვან მერობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე.