მომსახურების სააგენტო ავტომობილების განბაჟების პროცედურებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შსს მომსახურების სააგენტოს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად Გთავაზობთ: “შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი ჰყავდათ 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე პერიოდში და 31 მაისის ჩათვლით არ გაუვლიათ საბაჟო პროცედურები, 2021 წლის 1 ივნისიდან დაეკისრებათ კანონმდებლობით დადგენილი საჯარიმო სანქციები.
მომსახურების სააგენტო შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე პერიოდში შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა ორჯერ გადაუვადდათ და საბოლოო თარიღად 31 მაისი განისაზღვრა.
მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად სააგენტოში გამოცხადდნენ პირბადით”, – აღნიშნულია განცხადებაში.