„1942 წლის შეთქმულება (77 ამბავი)“ – როსტომ ჩხეიძის წიგნის წარდგენა გაიმართება
29 მაისს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში როსტომ ჩხეიძის ახალი წიგნის – „1942 წლის შეთქმულება (77 ამბავი)“ წარდგენა გაიმართება
ორგნიზატორების ინფორმაციით, წიგნი „არტანუჯმა“ სერიით – „თან საკითხავი“ გამოსცა.
როსტომ ჩხეიძის წინათქმა წიგნიდან:
„1942 წლის შეთქმულება ერთ-ერთი ნიშანსვეტია საბჭოთა ეპოქის საქართველოს ისტორიაშიც და ორსაუკუნოვანი ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის უწყვეტ და გაუნელებელ მდინარებაშიც.
ბედისწერამ ისიც განარიგა, რომ ერთიანი მოვლენა, ეროვნული სულის ამოფრქვევა XX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში, ორ ეპიზოდად დაცალკევებულიყო, თავთავისი სახელები რომ დაერქმეოდათ: 1942 წლის შეთქმულება და სამანელთა მოძრაობა. და ორივეს თავთავისი კომპოზიციური ქარგაც ამოხვეოდა ტრაგიზმითა და მოწამებრივი შარავანდით განათებული.
ერთის ფინალური აკორდი იქნებოდა: 1942 წლის 17 ოქტომბერი.
მეორისა: 1943 წლის 18 მარტი.
იმ 17 ოქტომბერს 17 ჭაბუკს დახვრეტდნენ – საქართველოს ბედზე მოფიქრალსა და ანთებულს დაკარგული დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად.
ქაქუცა ჩოლოყაშვილის ამბოხების შემდგომ ასეთი მძლავრი პროტესტი ბოლშევიკურ-კომუნისტური დიქტატურის წინააღმდეგ და სახელმწიფოებრიობის ამოსაგებად აღარ მომხდარიყო და… აგვისტო-სექტემბრის ჰეროიკულ-ტრაგიკული გაბრძოლების 17 წლისთავზე კვლავ აბორგდებოდა ჩოლოყაშვილური სული, ოღონდ ამ ჭაბუკების მცდელობა გარეგნულად უფრო დაემსგავსებოდა არა შეფიცულთა რაზმის მოღვაწეობას, არამედ 1832 წლის შეთქმულებას, რომელთაგანაც მეფის რუსეთი არავის გაიმეტებდა მოსაკლავად, საბჭოთა რეჟიმი სწორედ ასეთ სისასტიკეს რომ გამოიჩენდა სულით მეამბოხე ჭაბუკების მიმართ.
სხვა მხრივაც შეიმჩნევა მსგავსება ამ ორ შეთქმულებას შორის.
დავით აღმაშენებლის შემდგომ საქართველო ამოვარდნილი გახლდათ მსოფლიო-ისტორიული მოვლენებიდან და საერთაშორისო პროცესებიდან, ვიდრე 1832 წლის შეთქმულნი – სოლომონ დოდაშვილის, ალექსანდრე ორბელიანისა და ელიზბარ ერისთავის მეთაურობით –კვლავ გაიყვანდნენ ბედკრულ სამშობლოს საერთაშორისო ასპარეზზე და დაუკავშირებდნენ მსოფლიოში მომხდარ დიდ ცვლილებებს.
მას შემდგომ საქართველო კვლავ ამოვარდებოდა მსოფლიო-ისტორიული მოვლენებიდან და საერთაშორისო პროცესებიდან, ვიდრე 1942 წლის შეთქმულნი – კოტე ხიმშიაშვილის, კოტე ჯოგლიძისა და შალვა შავიანიძის მეთაურობით – კვლავ გაიყვანდნენ სამშობლოს საერთაშორისო ასპარეზზე და დაუკავშირებდნენ მსოფლიოში მომხდარ დიდ ცვლილებებს.
დაწყევლილად რომ მოიხსენიებდა თავის თავს ლადო ასათიანი, ეს ეპითეტი ძალდაუტანებლად შეიძლება განზოგადებულიყო მთელ მის თაობაზეც და… ასეც დავასათაურებდი ორწიგნეულს – „დაწყევლილი თაობა“ – რომელიც უმთავრესად მომზადდებოდა 80-90-იანი წლების გასაყარზე და სულ სხვაგვარი რელიეფურობით წარმოისახებოდა არამარტო ის მთლიანი მოვლენა თავისი ორივე ეპიზოდით – 1942 წლის შეთქმულებითა და სამანით – არამედ ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მდინარებაც…
არაერთი რამ გამომზეურდებოდა იმ მოვლენისა: ამბებიც, პერსონაჟებიც, დეტალებიც, ნიუანსებიც… შეფარული ნაკადებიც და ზოგადი იერიც… და შესაფერისადაც გასიმბოლოვდებოდა…
ის, რაც მანამდე იატაკქვეშა ისტორიაში რჩებოდა, დღის სინათლეზე უნდა ამოსულიყო და სახიერ ნიშანსვეტადაც გამოკვეთილიყო.
ოჯახებში შეფარებული ისტორიის ნაკუწები მარტოდენ წარმოსახვაში რომ მთლიანდებოდა იატაკქვეშა მატიანედ, ახლა ეს მატიანე ფურცლებზეც უნდა გადანაცვლებულიყო და იმ ორი პიროვნების ხელითაც, რომელნიც მთლად შეთქმულების მონაწილეები არ იყვნენ, მაგრამ რაკიღა მეგობრობდნენ მის წევრებთან, წინასწარი ძიების მრავალთვიანი სატანჯველის გამოვლა მაინც მოუწევდათ: თინათინ თუშმალიშვილსა და ლეო კვაჭაძეს.
მიემატებოდა და მიემატებოდა ახალ-ახალი მასალებიც და დაკვირვებანიც.
და ამ მხრივ საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ღვაწლი რევაზ კვერენჩხილაძისა, რომლის უაღრესად ნაყოფიერ ძიებებშიც – ოფიციალური და საოჯახო არქივების გულდასმით შესწავლა-გამომზეურებით – საბჭოთა ეპოქის რეპრესიების პანორამის აღდგენისას ძალდაუტანებლად შემოვიდოდა ეს მოვლენაც თავისი ორივე ეპიზოდით.
არ არის დასავიწყებელი სხვათა გარჯაც: დოდო ხიმშიაშვილი იქნებოდა თუ თალიკო საბაშვილი, თემურ ჟურული თუ ლევან ოჟილაური, ჯარჯი აქიმიძე თუ გიორგი ცოცანიძე…
წარმოუდგენელი იქნებოდა, „არტანუჯის“ ეს ორიგინალური სერია „თან საკითხავი“ დარჩენილიყო ამ ჰეროიკულ-ტრაგიკული მოვლენის წარმოუჩენლად.
ჯერ მაინც 1942 წლის შეთქმულება უნდა წარმოსახულიყო ამბების ციკლად. თანაც ისე მოხდებოდა, იმ ტრაგიკული დღიდან მაინცდამაინც 77-ე წლისთავზე. აკი 17 ოქტომბერს აღსრულდებოდა დახვრეტის განაჩენი. აკი 17 ჭაბუკს გაიმეტებდნენ უღვთოდ.
და რაღაც ფარული მინიშნებით, აგერ კვლავ შვიდიანი უნდა აღბეჭდილიყო დღეისდღის გადასახედიდან, რაც ძალაუნებურად გიბიძგებდა, რომ ამბავიც სწორედ 77 ყოფილიყო.
ამ გამოცემას კი მეორე ეპიზოდიც რომ ამოუდგება გვერდით, ისიც 77-ე წლისთავზე – 1943 წლის 18 მარტიდან, ისიც 77 ამბად ჩაივლის ჩვენს თვალწინ და დააკმაყოფილებს მკითხველის ცნობისწადილს, ამ წიგნის გაცნობა ძალდაუტანებლად რომ აღუძრავდა.
დაკარგულ თაობად მოიხსენიებდნენ პირველი მსოფლიო ომისა და შემდგომი წლების ევროპელ ახალგაზრდობას… დაკარგული თაობა იქნებოდა მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ევროპელი ახალგაზრდობაც… ჯერ დაკარგულობაც როგორი დრამატიზმითა და ტრაგიზმით აღვსილა, როგორი სატარებელია ეს თიკუნი პირადად თუ თაობის განმსაზღვრელად და… რაღა უნდა ითქვას დაწყევლილობაზე, როდესაც შენი სახელმწიფოც არ გაგაჩნია და ოცნებაშიღა შეჰყურებ მის შორეულ კონტურებს“…