“კარგია, რომ შევთანხმდით – კამიტი არ გამოგვიყენებია; საია-ც ადასტურებს ამ ფაქტს, რომ ეს იყო სიცრუე და დეზინფორმაცია” – ალექსანდრე დარახველიძე
“კარგია, რომ შევთანხმდით – კამიტი არ გამოგვიყენებია. საია-ც ადასტურებს ამ ფაქტს, რომ ეს იყო სიცრუე და დეზინფორმაცია. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, არაერთგზის განვმარტეთ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში – რაც საზოგადოებამ იხილა, ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, ეს იყო ძალადობრივი აქცია”, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს.
დარახველიძე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც საია წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებებით დაზიანებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს.
“ძალადობრივი აქციის დროს, როდესაც თავდასხმას აქვს ადგილი პოლიციაზე, სახელმწიფო უწყებებზე, პარლამენტის შენობაზე და ა.შ. პოლიციის შესახებ კანონი შავით-თეთრზე განსაზღვრავს, რა საშუალებები შეიძლება იქნეს გამოყენებული. ეს არის თავდაცვის როგორც აქტიური ასევე პასიური საშუალებები, მათ შორის არის ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ა.შ.
რაც შეეხება ბრძანება 10.02-ს არსებობდა ასეთი ჩანაწერი, თუ არ ვცდები 2021 წლამდე, რომლითაც შეზღუდული იყო წყლის ჭავლისა და გაზის ერთობლივად და პარალელურ რეჟიმში გამოყენება.
ვინაიდან ეს არ გამომდინარეობდა კანონის აკრძალვიდან, გავეცანით ასევე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას, მათ შორის ეუთო/ოდირის სტანდარტებს, ასევე ამნესტის ანგარიშებს. იქ არანაირი შეზღუდვა, რომ ასეთი აკრძალვა უნდა იყოს არ ყოფილა, შესაბამისად, კანონში არის მთავარი პრინციპი განსაზღვრული, რაც არის პროპორციულობით განსაზღვრული, უნდა იქნეს სპეციალური საშუალება და ძალა გამოყენებული იმ პროპორციულობით, რა საფრთხეც არსებობს”, – განმარტავს ალექსანდრე დარახველიძე.