თბილისში დუდას მიერ გაკეთებულ განცხადებას კრემლი პასუხობს

კრემლში გამოეხმაურნენ თბილისში, პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან რუსეთი აგრესორ-ქვეყნად მოიხსენია და თქვა, რომ რუსეთი “ნორმალური სახელმწიფო არ არის”.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, დასანანია, რომ, რუსეთისადმი სიძულვილის გამო, ზოგიერთ პოლონელ პოლიტიკოსს თვალზე ბინდი აქვთ, მათ შორის, ამ ქვეყნის პრეზიდენტს.

“ასეთი რიტორიკის მიმართ ძალიან ცუდი დამოკიდებულება გვაქვს, ის არ მოგვწონს და  მიუღებელია. რუსეთი მეგობრული ქვეყანაა, ძლიერი, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული და სრულიად დამოუკიდებელი. და ასეთი თვისებების ფლობით, რუსეთი ეძებს მეგობრულ დამოკიდებულებას ორმხრივი თანამშრომლობისთვის ყველა მეზობელთან, მათ შორის, პოლონეთთან. სამწუხაროა, რომ, ჩვენი ქვეყნის მიმართ სიძულვილის გამო, ზოგიერთ პოლონელ პოლიტიკოსს ბინდი აქვს თვალებზე, მათ შორის, პრეზიდენტს, რაც არ აძლევს მათ საშუალებას, პოლიტიკური სიბრძნე გამოავლინონ”, – თქვა მან.

ანჟეი დუდამ შესაბამისი განცხადება ოძისის მახლობლად, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან გააკეთა.

„რუსეთის აგრესიული, იმპერიალისტური ქმედებები, რომელიც ხალხს განვითარების, ნორმალური ცხოვრების საშუალებას ართმევს, სახელმწიფოების განადგურებასა და ომებს იწვევს, ეს ის ქმედებებია, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება. რუსეთი არ არის ნორმალური სახელმწიფო, რუსეთი არ არის სახელმწიფო, რომელიც ნორმალურად იქცევა. რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა და ამის დანახვა ასეთ ადგილებში შეიძლება.

რუსეთს საერთაშორისო სამართალი რომ დაეცვა, არასდროს დადგებოდა ისეთი სიტუაცია, როგორიცაა რუსეთის მიერ ოკუპირებული ამ ტერიტორიის შექმნა, რომელსაც ცხინვალის რეგიონი ჰქვია. ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართალს არღვევს“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები