კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, დღეს ხარობენ მათი სულები, ვინც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირა

თბილისის მერმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მისი თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა რთული იყო და მადლიერია ყველა იმ ადამიანის, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა.

„ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან დღეს. ყველამ კარგად ვიცით, რამდენად რთული იყო ბრძოლა დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის, შენარჩუნებისთვის, შემდეგ დაბრუნებისთვის და მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც თავი დასდო ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, მათი სულები დღეს ხარობენ, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია. მინდა, დიდი სიყვარულით მივულოცო სრულიად საქართველოს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღეს მთავარი გამოწვევა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციაა, რაც დროებითია და ის საქართველოს  განვითარებაზეა დამოკიდებული.

„სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, მაგრამ ეს ყველაფერი არის დროებითი. მომდევნო წლების განმავლობაში გონიერებით, განათლებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით უნდა შევძლოთ ამ ტერიტორიების დაბრუნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი თავისუფლების მოედანზე მიმდინარე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები