შალვა პაპუაშვილი: ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უშლის ენერგეტიკული კუთხით ჩვენს სიძლიერეს და დამოუკიდებლობას, ხელს აძლევს რუსეთს, ყველას მოვუწოდებ, ამაზე დაფიქრდეს
“ხშირად დეტალებს გვიმალავენ, ცდილობენ მითებით, ემოციაზე თამაშით შემოგვაჩეჩონ ისეთი საკითხები, რომელიც ეხება ჩვენს სუვერენიტეტს, თუკი ვინმეს დღეს ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა არ აწყობს, ეს არის რუსეთი”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა ამაზე ყველა დაფიქრდეს.
“კარგია, რომ ეს დისკუსია გაიხსნა და არის იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოება გადავიდეს საგნობრივ დისკუსიაზე და არ უსმინოს იმ მითებს და ემოციურ მოწოდებებს, რომელიც სამწუხაროდ, დიდი ხნის განმავლობაში იყო. ეს არის საკითხი, რომელიც შეეხება ერთი მხრივ, ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს ენერგო დამოუკიდებლობას – ეს არის დიდი სურათი. „ნამოხვანჰესი“ და ეს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად შესწავლილი პროექტი საქართველოში. იმ კითხვებთან დაკავშირებით, ხედავთ, რომ მზად არის როგორც მთავრობა, ასევე კომპანია თუ ექსპერტთა ჯგუფები გასცენ პასუხები კონკრეტულ კითხვებს და არა იმ ემოციურ მითებს, რომელიც სამწუხაროდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენთან მკვიდრდებოდა. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, საღად შევხედოთ ყველა საკითხს, დავინტერესდეთ დეტალებით, ვინაიდან, ხშირად დეტალებს გვიმალავენ და ცდილობენ მითებით, ემოციაზე თამაშით შემოგვაჩეჩონ ისეთი საკითხები, რომელიც ეხება ჩვენს სუვერენიტეტს, თუ კი ვინმეს დღეს ჩვენი ელექტროდამოუკიდებლობა არ აწყობს, ეს არის რუსეთი. ამიტომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უშლის ენერგეტიკული კუთხით ჩვენს სიძლიერეს და დამოუკიდებლობას, ხელს აძლევს რუსეთს. ამიტომ მოვუწოდებ ყველას ამაზე დაფიქრდეს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.