სამეგრელოში 3 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უწყების ცნობით, ორი შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში დაფიქსირდა – მოქალაქის საკარმიდამო ეზოში დაურეგისტრირებული ცირკული ტიპის სახერხი საამქრო გამოვლინდა, მეორე შემთხვევში, დაურეგისტრირებული ცირკული ტიპის სახერხი საამქრო, 8 ერთეული ალვის სახეობის მრგვალი ხე-ტყე(მორი) და 0.2 მ3 თხმელას (მურყანი) სახეობის ფიცარი.
“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუშიც. მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი და 183 ერთეული ცაცხვის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი დაფიქსირდა.
სახერხი საამქროები და ტერიტორიაზე არსებული ხე-ტყე დაილუქა. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.