გიორგი პერტაიამ საქართველოს ბიზნეს გარემოთი დაინტერესებულ ავსტრიულ კომპანიებს საქართველოს საინვესტიციო გარემო და არსებული შესაძლებლობები გააცნო
საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ მონაწილეობა მიიღო ონლაინ ვებინარში – „ეკონომიკური განვითარება და ბიზნესის შესაძლებლობები აზერბაიჯანსა და საქართველოში“.
სავაჭრო პალატის ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვაჭრობის ხელშეწყობის ორგანიზაციის – Advantage Austria -ს მიერ დაიგეგმა, საქართველოსა და აზერბაიჯანის ბიზნეს გარემოთი დაინტერესებული 70- მდე ავსტრიული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
მათივე ცნობით, გიორგი პერტაიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საქართველოს საინვესტიციო გარემო და არსებული შესაძლებლობები, ხაზი გაუსვა საერთაშორისო კომპანიების სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათების მნიშვნელობას ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში და აღნიშნა, რომ საქართველო საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში ბიზნეს კომპანიებს აუთსორსინგისთვის ერთ-ერთ საუკეთესო პირობებს სთავაზობს. პალატის პრეზიდენტმა შეაფასა საქართველოს საინვესტიციო გარემო და აღნიშნა, რომ რეგიონში საქართველო არის ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისთვის, არსებული საგადასახადო პოლიტიკისა და საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით. გიორგი პერტაიამ ასევე მიმოიხილა პრიორიტეტული სექტორებიც, რომლებსაც გააჩნიათ განვითარების პერსპექტივა, მათ შორის, ისაუბრა განათლების სექტორზე, სტუმარმასპინძლობის სექტორსა და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის შესაძლებლობებზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ თურქეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვაჭრობის კომისარი, ჯორჯ კარაბაჯეკი და AZPROMO-ს პრეზიდენტი იუსუფ აბდულაიევი.