კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ უკანონოდ გასხვისებული 100%-იანი წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება დაავალდებულა

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ სამართალდამრღვევად კიდევ ერთხელ სცნო და კომპანიას უკანონოდ გასხვისებული 100%-იანი წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის სამთვიანი ვადა განუსაზღვრა.

“22 მარტს კომუნიკაციების კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ 49% წილის უკანონოდ გასხვისების შემდეგ, „კავკასუს ონლაინმა“ ასევე უკანონოდ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე 51% წილი კომპანია „Weco Investments and Finance S.A“-ს მიჰყიდა. კომპანია „Weco Investments and Finance S.A.“-ის 100% წილის მფლობელი პარტნიორი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია ,,HARRIMAN LTD” არის, რომელშიც თავის მხრივ წილებს ფიზიკური პირი ნასიბ ჰასანოვი ფლობს.

გამომდინარე იქიდან, რომ „კავკასუს ონლაინს“, მისი ბენეფიციარი მესაკუთრის წილის გასხვისების განზრახვის შესახებ ინფორმაცია წილის გასხვისებამდე კომუნიკაციების კომისიაში არ წარმოუდგენია, კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია „კავკასუს ონლაინის“ უკანონოდ გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას 2019 წლიდან ითხოვს. კანონის დარღვევისა და კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო, კომპანიას კანონის შესაბამისად სოლიდური ფულადი ჯარიმები რამდენჯერმე აქვს დაკისრებული. 2020 წლის ბოლოს კი კანონის აღსრულების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა”,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები