“დოკუმენტი ანტირუსულ ხასიათს ატარებს” – დოდონი “ასოცირების ტრიო”-ს მემორანდუმის გაუქმებას ითხოვს

 

მოლდოვის უმსხვილესი საპარლამენტო, სოციალისტური პარტიის ლიდერი, ქვეყნის ყოფილი, პრორუსი პრეზიდენტი, იგორ დოდონი უკრაინა- საქართველო-მოლდოვის თანამშრომლობის ახალ ფორმატს – “ასოცირების ტრიო”-ს აკრიტიკებს, რომელიც ითვალისწინებს გაძლიერებულ თანამშრომლობას ევროინტეგრაციის საკითხებში.

ამის შესახებ გამოცემა Newsmaker-ი წერს.

მისი თქმით, ეს ძალიან საშიში დოკუმენტია.

“ვკითხე პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ჩოკოის: რა გააკეთე იქ, ვინ მოგცა ამის უფლებამოსილება? ვის სჭირდება უკრაინა, მოლდოვასა და საქართველოს ერთობლივი დეკლარაცია? მე მესმის უკრაინისა და საქართველოსი, რომლებსაც სურთ ნატო-ში შესვლა. და მოლდოვა სად ეტენება? არაფერია გასაკეთებელი, ჩვენი პრობლემები არ გვაქვს? ჩვენ დნესტრისპირეთის გადაუჭრელი პრობლემა გვაქვს და ისინი ვიღაცის წინააღმდეგ რაღაცას აწერენ ხელს”, – თქვა დოდონმა და დასძინა, რომ მემორანდუმი გასაუქმებელია.

​მისი თქმით, დოკუმენტი ღიად ანტირუსულ ხასიათს ატარებს.

17 მაისს კიევში უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამ ქვეყანას შორის „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატის ჩამოყალიბების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტში, რომლის მიზანიც სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავებაა, ნათქვამია, რომ „ასოცირებული ტრიო“ ითანამშრომლებს ევროინტეგრაციის საერთო ინტერესების საკითხებზე, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარების მიზნით.

ფორმატი ასევე ითვალისწინებს რეგულარულ და საგანგებო სამმხრივ კონსულტაციებს, საგარეო საქმეთა სამინისტროებში შესაბამისი კოორდინატორების დანიშვნას, ასევე, მაღალი რანგის ოფიციალური პირებისა და, საჭიროებისამებრ, მინისტრების დონეზე შეხვედრებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დიალოგის ერთობლივი პლატფორმების ჩამოყალიბებასა და სხვადასხვა საჯარო ღონისძიების ორგანიზებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები