გოგი მეშველიანი ბოლნისის მუზეუმში მედიათეკის და გამოფენას „საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრები” პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, მედიათეკის და გამოფენას „საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრები” პრეზენტაციას დაესწრო და თანამშრომლებს მუზეუმების საერთაშორისო დღე მიულოცა.

„18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა და პირველ რიგში მინდა ეს თარიღი მივულოცო ჩვენი მუზეუმის თანამშრომლებს, რომლებიც ძალიან დიდ შრომას დებენ იმისათვის, რომ დამთვალიერებელს გააცნონ ჩვენი წარსული და აწმყო. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღეს ბოლნისის მუზეუმში, ეროვნული მუზეუმის დირექტორის, ბატონი დავით ლორთქიფანიძის ინიციატივით გაიმართა მედიათეკისა და გამოფენის “ საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრები“ პრეზენტაცია.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

მუზეუმში განთავსებულია გოეთეს ინსტიტუტის მედიათეკა, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მყუდრო სამუშაო გარემოს, სივრცეს საქმიანი და შემოქმედებითი შეხვედრებისთვის, გერმანული ენის უახლეს სახელმძღვანელოებს, შემეცნებითი, მხატვრული და დარგობრივი წიგნების ბიბლიოთეკას, ფილმებისა და აუდიომასალის კოლექციას. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გოეთეს ინსტიტუტმა, რომელიც მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მუზეუმში მედიათეკა გახსნა.

ბოლნისის ახალი მუზეუმის დროებითი საგამოფენო სივრცე XIX-XX საუკუნეებში საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრების გამოფენას მასპინძლობს.

მუზეუმში წარმოდგენილი მხატვრების – პაულ ფონ ფრანკენის, ჰელენე კიუბერ-ფრანკენის, რიჰარდ ზომერის, თეოდორ ჰორშელტის, ოსკარ შმერლინგის, ალექსანდრე ზალცმანის, ბორის ფოგელის, ირინა შტენბერგის – ფერწერული და გრაფიკული სურათები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული გერმანელი ოსტატების უმნიშვნელოვანესი კოლექციის ერთი საინტერესო ნაწილია.

საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრების შემოქმედებითი მემკვიდრეობა ერთმანეთისგან სტილური თუ თემატური თვალსაზრისით სრულიად გამორჩეულ ნიმუშებს აერთიანებს. კოლექცია არა მარტო მხატვრული, არამედ ისტორიული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან ამ სურათების უმეტესი ნაწილი იმდროინდელი კავკასიისა თუ საქართველოს სინამდვილეს ასახავს.

შემოქმედებითი ძიებისას, ჯერ კიდევ უცნობი კულტურული ტრადიციების აღმოჩენა-შეცნობის სურვილით, ამ მხატვართაგან ბევრი დასახლდა საქართველოში, ზოგიერთი ხანგრძლივი დროით ჩამოდიოდა სამუშაოდ, ნაწილი კი აქ იყო დაბადებული. მათი აქ დამკვიდრების მიზეზთა შორის უმნიშვნელოვანესია XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ გარემოებათა გამო გერმანიაში შექმნილი მძიმე ვითარებისას თუ რელიგიური მოტივით რუსეთის იმპერიისგან მიღებული საინტერესო შეთავაზების საფუძველზე გერმანელთა გარკვეული ნაწილის გადმოსახლება საქართველოში. უკვე XIX საუკუნის დასაწყისიდან თბილისსა თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაარსდა გერმანელთა კოლონიები (მათ შორისაა 1818 წლიდან კატერინენფელდად წოდებული კოლონია (შემდგომ ლუქსემბურგი) თანამედროვე ბოლნისში).

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები