არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს, რომლებიც შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს, რომლებიც, კომისიის თანდასწრებით, შედეგებს პირდაპირ ეთერში გადაითვლიან, – ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიის აპარატის ფარგლებში მოხდება თანამშრომლების დაქირავება, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან თითოეულ სხდომასთან დაკავშირებით საოქმო ჩანაწერებზე, ასევე, საორგანიზაციო საკითხების მიმართულებითაც.

„სამოქმედო გეგმა, რომელსაც დღეს ჩვენ, იმედია, დავამტკიცებთ, ერთ-ერთ კომპონენტად ითვალისწინებს გარკვეული უბნების გადათვლას, რაც საგამოძიებო პროცესისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია. გადათვლის პროცესი არ არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების ქონასთან. ეს პროცესი პროფესიონალურად რომ წარიმართოს, ბიუჯეტით მოვითხოვეთ 12 ე.წ. მთვლელის დაქირავება მოხდეს, რომლებიც ჩვენი თანდასწრებით, პირდაპირ ეთერში განახორციელებენ ამ გადათვლის პროცესს, როცა შევათანხმებთ, რომელი უბნების გადათვლა მოხდება და რა პრინციპით.

იმისთვის, რომ საჯაროობა და ღიაობა უზრუნველყოფილი იყოს, მნიშვნელოვანი იქნება, რომ პროცესი ლაივსტრიმით პირდაპირ ეთერში იქნება გადაცემული. ასევე, კომისიის აპარატის ფარგლებში ჩვენ დავიქირავებთ თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან საოქმო ჩანაწერებზე თითოეულ სხდომასთან დაკავშირებით, ასევე, საორგანიზაციო საკითხების მიმართულებითაც. ისევე, როგორც ერთი ადამიანი, რომელიც კომისიის მუშაობის ამსახველ დასკვნას მოამზადებს და შემდგომში ეს დასკვნა ჩვენ წარგვედგინება, რაც განიხილება კომისიის მუშაობის ფორმატში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მხარს ვუჭერთ თუ არა დასკვნის ამ ფორმას. მხარდაჭერის შემთხვევაში კი წარედგინება პარლამენტის ბიუროსა და პარლამენტის პლენარულ სესიას შემდგომი განხილვა-დამტკიცებისთვის“, – განაცხადა მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები