ილჰამ ალიევის ახალი თვითმფრინავი
ასე გამოიყურება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ახალი თვითმფრინავი. კომპანია “Jet Aviation Basel”-მა უკვე დაასრულა თვითმფრინავ “ACJ340-600”-ის ინტერიერის მოწყობა, რომელიც ილჰამ ალიევისთვის და აზერბაიჯანის პირველი პირებისთვის არის განკუთვნილი. თვითმფრინავმა უკვე დატოვა კომპანია “Jet Aviation Basel”-ი და დუბლინში გადაფრინდა, სადაც ტექნიკურ შემოწმებას გადის.
აღსანიაშნავია, რომ ავიალაინერის ინტერიერის დეტალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა უცხოურმა მედიამ ფეშენებელური ხომალდის ფოტოები უკვე გაავრცელა. ცნობილია, რომ თვითმფრინავში განთავსებული იქნება სასადილო და მისაღები ოთახები, ორი VIP საძინებელი საკუთარი აბაზანით, საოფისე ფართი და სამუშაო კაბინეტი. თვითმფრინავის უკანა ნაწილი განკუთვნილია დელეგაციის წევრებისათვის, სადაც ბოლო თაობის ულტრა კომფორტული სავარძლებია დამონტაჟებული.
კომპანია “Jet Aviation Basel”-ის ვიცე-პრეზიდენტის რუდი კრაფტის განცხადებით, თვითმფრინავის ინტერიერი, დიზაინერების ჯგუფის მიერ შეიქმნა. სპეციალური შეკვეთით შექმნილ თვითმფრინავს შეუძლია დაფრენის გარეშე, უწყვეტად 16 000 კილომეტრიანი დისტანცია დაფაროს.