თეა წულუკიანმა ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში გამართა შეხვედრა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლას ეწვია, სკოლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა და სკოლის აღსაზრდელების მიერ დადგმულ მუსიკალურ წარმოდგენას დაესწრო.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სკოლის დირექტორის თამაზ მოლაშვილისა და სხვა ხელმძღვანელებისგან მინისტრმა სკოლის წარმატებებისა და მისი გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია, მადლობა გადაუხადა თბილისის მერიას ხელოვნების სკოლების ხელშეწყობისათვის და აღნიშნა, რომ აუცილებელია სახელოვნებო განათლების რეფორმა, რაც მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციაში უნდა განხორციელდეს.
“შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის ხელოვნების სკოლას ჰყავს ჩასაბერი საკრავების ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ბავშვთა ორკესტრი საქართველოში, ასევე გოგონათა ერთადერთი სასულე ორკესტრი.
თეა წულუკიანმა სკოლის აღსაზრდელებსა და ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა დაუღალავი შრომისათვის და სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მინისტრმა სკოლის აღსაზრდელებს მათი საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით შესთავაზა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სააქტო დარბაზში ღონისძიების გამართვა, რომელზეც სამინისტრო მიიწვევს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს და პროფესიულ ანსამბლებს, რომლებსაც კადრების სერიოზული დეფიციტი აქვთ. მსგავსი ღონისძიებები კი ანსამბლების ხელმძღვანელებს ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაში დაეხმარება. ამასთან, თეა წულუკიანმა სკოლის აღსაზრდელებს შესთავაზა, თუკი ექნებათ სურვილი, სამინისტროს მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა, რათა ერთი მხრივ, მათი შემოქმედება ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი იყოს და მეორე მხრივ, ამ ახალგაზრდების საქმიანობის პოპულარიზაციამ სკოლის აღსაზრდელების პროფესიულ კარიერას შეუწყოს ხელი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.