სასულიერო პირებმა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კოვიდ 19-ის თემაზე ისაუბრეს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ახალქალაქსა და ახალციხეში 13 მაისს სასულიერო პირები საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს, ჯანდაცვის ექსპერტებსა და საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს შეხვდნენ.

მათივე ცნობით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის 2021 წლის 11 თებერვლის წმინდა სინოდის დადგენილების თანახმად, „ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს“.

,, საქართველოს საპატრიარქომ, შესაძლებლობის ფარგლებში, თავისი წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლაში; კერძოდ, გასული წლის აპრილიდან საპატრიარქოს საავადმყოფო – თბილისის წმინდათა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი – ცხელების კლინიკად გადაკეთდა და 105 საწოლზე განახორციელა COVID-19-ით დაავადებულთა მკურნალობა; დღემდე სამედიცინო მომსახურება გაეწია 10000-მდე პაციენტს, ჩატარდა სხვადასხვა სამედიცინო პროცედურა.

თუმცა „პანდემიასთან დაკავშირებით ეკლესიის წინაშე ახლა სხვა ვითარება დგება და საჭიროა, საზოგადოების მომზადება“, რაც გულისხმობს ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე მაქსიმალურად ამომწურავი პასუხის გაცემას და ვითარების მართებულად გაანალიზებას. ეს კი, რა თქმა უნდა, „ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“.
შესაბამისად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სწორედ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა – იმუნიზაციის პროგრამები საქართველოში, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვაქცინის დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ეფექტიანობა და სხვ. გაიმართა დისკუსია.

სამცხე-ჯავახეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაერო-ს ბავშვთა ფონდის ორგანიზებითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, მღვდელი გიორგი ფირცხელანი და სხვა სასულიერო პირები, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში – ღასან ხალილი და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები: ივანე ჩხაიძე – პედიატრი, მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ბიძინა კულუმბეგოვი – ბავშვთა და მოზრდილთა ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ხათუნა ზახაშვილი – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ყიფიანი – კარდიოლოგი,”- ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები